“გუდვილის” გენერალური დირექტორის გიორგი ხაბაშვილის შეფასებით, ზაფხულის ტურისტულ სეზონზე რიტეილის გაყიდვების გასულ წელთან შედარებით მნიშვნელოვნად გაიზარდა.
როგორც მან გადაცემა „საქმიანი დილის“ ეთერში განაცხადა, ზრდა ორნიშნასთან ახლოს არის და ის ძირითადად ტურისტულ რეგიონებში არსებულ სავაჭრო ობიექტებს ეხება. მისივე თქმით, გაზრდილია საშუალო ჩეკის მოცულობაც.
„ზაფხულის სეზონი ჩვენს სექტორში გამოირჩეოდა ტურისტების მაღალი ინტენსივობით, უმეტესად ეს იყო ბათუმში და ზღვისპირეთში, ასევე თბილისსა და სხვა ტურისტულ რეგიონებში.
რაც შეეხება ტურისტების მხრიდან ინტერესს, განსხვავებული ქცევა არ შეინიშნებოდა, იმიტომ რომ წინა წლებშიც სარგებლობდნენ სუპერმარკეტების მომსახურებით, თუმცა ზრდა იყო. წინა წელთან შედარებით ეს ზრდა ადეკვატურია იმ ტურისტების რაოდენობასთან რომელიც დაფიქსირდა. კონსოლიდირებული მონაცემების დამუშავება ახლა მიდის, თუმცა ხელშესახები იყო ეს ზრდა, ორ ნიშნასთან ახლოს შესაძლოა დაფიქსირდეს.
ზაფხულის სეზონს გააჩნია ერთი სპეციფიკა, ის სუპერმარკეტები რომელიც არ არის საკურორტო ზონებში, მათი გაყიდვები დაბლა მოდის ივლისის მერე ნახევრიდან აგვიტომდე, ასე მოხდა წელსაც.
გაზრდილია საშუალო ჩეკიც, იცვლება ასევე გაყიდვების სტრუქტურაც კატეგორიების მიხედვით, წინ გამოდის ულტრა ფრეშის მიმართულება, ხილი, ბოსტნეული და მზა კვება,“ - აღნიშნა ხაბაშვილმა.