2024 წლიდან ამოქმედებული ელექტროენერგიის ბაზრის გარდამავალი მოდელი ეტაპობრივად ცვლის არსებული სისტემის მექანიზმებს და ბირჟაზე ვაჭრობის ახალ შესაძლებლობებს ხსნის,- ამის შესახებ „კომერსანტს“ "საქართველოს ენერგეტიკული ბირჟის“ წარმომადგენლებმა განუცხადეს.

მათივე ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ მონაწილეობის უფლება ამ ეტაპზე მხოლოდ შერჩეულ ჯგუფებს აქვთ, ბირჟაზე მოთხოვნა თითქმის მუდმივად აჭარბებს მიწოდებას. 2025 წელს, ბირჟაზე ვაჭრობის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად გაიზარდა, მაისის 1-28 რიცხვებში ორჯერ მეტი ელექტროენერგია გაიყიდა, ვიდრე 2024 წლის პირველ ექვს თვეში.

„2024 წლის 1 ივლისიდან ამუშავდა ელექტროენერგიის ბაზრის გარდამავალი მოდელი, რომელიც წარმოადგენს შუალედურ ეტაპს არსებულიდან ბაზრის სამიზნე მოდელზე გადასასვლელად. გარდამავალი მოდელი გულისხმობს არსებული ბაზრის მოდელში ელექტროენერგიის ბირჟაზე ვაჭრობის შესაძლებლობის გაჩენას, ამ ეტაპზე მხოლოდ გარკვეული ტიპის მონაწილეებისთვის. ბირჟაზე მონაწილეობის უფლება დღესდღეობით კანონმდებლობით შეზღუდულია მნიშვნელოვანი რაოდენობით წარმოების ობიექტებისთვის და ასევე იმპორტისთვის, თუმცა მოთხოვნის მხარეს შეზღუდვა მნიშვნელოვნად მცირე მასშტაბისაა. შედეგად ბუნებრივი, რომ ბირჟაზე ელექტროენერგიაზე მოთხოვნა თითქმის ყოველთვის მნიშვნელოვნად მეტია მიწოდებაზე.

მიუხედავად საბითუმო ბაზრის ცალკეული მონაწილეებისთვის ბირჟაზე მონაწილეობის უფლების შეზღუდვისა, ელექტროენერგიის ბირჟაზე ვაჭრობა და ფინანსური ანგარიშსწორება ხდება არსებითად იგივე წესებითა და პროცედურებით, როგორც განსაზღვრულია სამიზნე მოდელისთვის.

გარდამავალ მოდელში, მოლოდინისამებრ, ბირჟაზე მუდმივად არ ხდება ელექტროენერგიით აქტიური ვაჭრობა. მონაწილეები სიფრთხილით დგამენ პირველ ნაბიჯებს ახალ სეგმენტზე ვაჭრობისკენ. ზაფხულის პერიოდში იზრდება მწარმოებელთა რაოდენობა, რომელთაც უფლება აქვთ ელექტროენერგია გაყიდონ ბირჟაზე, რაც დაეტყო კიდეც ვაჭრობის დინამიკას. 2025 წლის 1-28 მაისის პერიოდში ბირჟაზე გაიყიდა ორჯერ მეტი ელექტროენერგია ვიდრე წინა წლის ექვს თვეში. ჯამურად 2025 წლის არასრულ 5 თვეში კი დაახლოებით 220%-ით მეტი ელექტროენერგიის ვაჭრობა მოხდა ვიდრე წინა წლის ექვს თვეში. ბირჟაზე ვაჭრობის შედეგები ყოველდღიურად ახლდება საქართველოს ენერგეტიკული ბირჟის ვებგვერდზე“,- განუცხადეს „კომერსანტს“  "საქართველოს ენერგეტიკული ბირჟის“ წარმომადგენლებმა.