სემეკი ელექტროენერგიის გამანაწილებელი ქსელების ტექნიკურ ინსპექტირებას აგრძელებს. მარეგულირებელი კომისიის ჯგუფებმა მონიტორინგი კახეთისა და სამეგრელოს რეგიონში უკვე ჩაატარეს. მიმდინარე კვირაში კი ინსპექტირება იმერეთში განხორციელდება. სემეკის წარმომადგენლები გამანაწილებელ ქსელებს ადგილზე ამოწმებენ. დარღვევების გამოვლენის შემთხვევაში კომპანიას გამოსასწორებელი ვადა ეძლევა, რომელიც ასევე მკაცრი მონიტორინგის ქვეშაა.
რა სახის დარღვევები გამოვლინდა მონიტორინგის პროცესში და რა გამოიკვეთა პრობლემურ საკითხად? თემაზე სემეკის თავმჯდომარემ ,,კომერსანტის დილის“ ეთერში ისაუბრა. დავით ნარმანია განმარტავს, რომ მთავარ პრობლემას ძაბვის ხარისხი წარმოადგენს, რადგან მოძველებული ინფრასტრუქტურით გაზრდილი მოხმარების სათანადოდ დაკმაყოფილება ვერ ხერხდება. საცხოვრებელი ბინებისა და საწარმოების რაოდენობის ზრდამ ელექტროენერგიის მოხმარების მატება გამოიწვია, რასაც ძველი ტრანსფორმატორები ვერ უზრუნველყოფენ.
,,ყველაზე პრობლემური არის ძაბვის ხარისხი. ვინაიდან იყო მოძველებული ინფრასტრუქტურა, გამომდინარე იქიდან, რომ ახალი დასახლებები გაჩნდა, ახალი საწარმოები და ორგანიზაციები, ტრანსფორმერებს გაძლიერება სჭირდება. უფრო მეტ მოხმარებას ვერ იტანს. აქედან გამომდინარე, ადგილზე რეკომენდაციები მიეცემა შესაბამის პირებს, რომლებიც ტექნიკურად ამ საკითხებზე არიან პასუხისმგებლები.’’- აცხადებს დავით ნარმანია.
სემეკის ჯგუფები მონიტორინგს ორი მიმართულებით ახორციელებენ. ერთი მოიცავს არსებული მდგომარეობის შეფასებას. ამ მიზნით, სპეციალური ჯგუფი ქსელებისა და ტრანსფორმერების ტექნიკურ მდგომარეობას სწავლობენ და ძაბვის ხარისხს ზომავენ. მონიტორინგის მეორე მიმართულება განხორციელებული პროექტების ტექნიკური და ფინანსური შესაბამისობის შემოწმებას მოიცავს.
,,ორი მთავარი რამ წაეყენება შესრულებულ პროექტს. ერთი არის, რომ ის ტექნიკურად ხარისხიანად და უსაფრთხოების წესების დაცვით უნდა იყოს შესრულებული. მეორე, ხარჯეფექტიანად უნდა იყოს შესრულებული ანუ მაქსიმალურად დაწურული ბიუჯეტი უნდა გაკეთდეს. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვიღებდით პერიოდულად ამ დასკვნებს. ერთ-ერთი შემთხვევა გვქონდა, რომ ჩვენ მივიღეთ დასკვნა, სადაც დადებითად იყო შეფასებული პროექტი. ჩვენმა ჯგუფმა, რომელიც გავიდა ადგილზე, ნახეს რომ იყო შეუსაბამობები. დაჯარიმდა გამანაწილებელი კომპანია, ხოლო შემსრულებელი კომპანია ანუ ვინც მოამზადა ტექნიკური შესაბამისობის დასკვნა არასათანადოდ, მასზე ინფორმაცია გაეგზავნა მაკრედიტირებელ ორგანოს. ამ პირს ჩამოერთვა აკრედიტაცია. ეს კარგი სიგნალია სხვებისთვის, რომ მათ არ გაბედონ თუ უხარისხოდ არის შესრულებული არ დაწერონ დადებითი დასკვნა, თორემ ყველა დაისჯება. ეს არის ხალხის ფული. მოსახლეობისა და კომერციული სექტორის მიერ კომუნალური გადასახადების სახით გადახდილი ფული. ვალდებულება გვაქვს ჩვენც, გამანაწილებელ კომპანიებსაც და ყველას, რომ ეს ფული დაიხარჯოს ხარისხიანად შესრულებულ პროექტებში.’’- განაცხადა ,,კომერსანტის დილაში“ დავით ნარმანიამ.
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ გასული წლის დეკემბერში ,,თელასსა“, ,,ენერგო-პროს“ და ,,GWP’’-ს გაზრდილი საინვესტიციო პროექტები დაუმტკიცა. სემეკის თავმჯდომარე განმარტავს, რომ გაზრდილი საინვესტიციო პაკეტით ისეთი პროექტები განხორციელდა, როგორიც არის გადამცემი ხაზებისა და ტრანსფორმერების გამოცვლა, წყლის სისტემებისა და მილების მოწესრიგება. დავით ნარმანია აცხადებს, რომ სემეკის მხრიდან საინვესტიციო პაკეტის გაზრდით განხორციელებული პროეტქების რაოდენობაც გაიზარდა, რის გამოც საჭირო გახდა მეტი მონიტორინგი. სწორედ ამიტომ პროცესში სემეკის სპეციალური ჯგუფები ჩაერთნენ. მონიტორინგი ნოემბერში დასრულდება და შემდეგი წლის გაზაფხულიდან განახლდება, როგორც კი ამინდი ჯგუფს ადგილზე გასვლისა და მონიტორინგის ტექნიკურად განხორციელების შესაძლებლობას მისცემს.