ყულევის მშენებარე ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მფლობელი კომპანიის [შპს „ბლექ სი პეტროლიუმის“] წილის გირავნობის ხელშეკრულებაში თანხა 15 მილიონი აშშ დოლარით გაიზარდა და 65 მილიონი აშშ დოლარით განისაზღვრა. ამ თანხის ფარგლებში „ბლექ სი პეტროლიუმისთვის“ გადასაცემი თანხის [კრედიტის/სესხის] ოდენობა გაზარდა სახელმწიფომაც, თუმცა, ყველა თანმდევი დოკუმენტაცია კვლავ გაასაიდუმლოვა.

შპს „ბლექ სი პეტროლიუმის“ 100%-იანი წილი 30 წლით დაგირავებული იყო 50 მილიონ აშშ დოლარად. გირავნობის ხელშეკრულება 2024 წლის 25 ივლისს დაიდო, „ბაზისბანკს“, ბანკ „ქართუს“, „ხალიკბანკს“, „საქართველოს განვითარების ფონდს“ [სახელმწიფო ფონდი], შპს „თრეიდ სთოუნ იბერიასა“ და „ბლექ სი პეტროლიუმს“ შორის. „საქართველოს განვითარების ფონდის“ წილი კი ამ 50 მილიონი აშშ დოლარიდან, მინიმუმ 5 მილიონი დოლარი იყო. 

გირავნობის ხელშეკრულებაში ცვლილება 2025 წლის 9 დეკემბერს შეიტანეს.

ამავე წლის 18 დეკემბერს კი, „ოცნების“ პრემიერმა ირაკლი კობახიძემ გამოსცა განკარგულება, რომლის მიხედვითაც ცვლილება შევიდა „შპს „ბლექ სი პეტროლიუმის“ მიერ წარმოდგენილი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის პროექტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 18 ოქტომბრის განკარგულებაში.

ამ ცვლილებით, სახელმწიფო ფონდის მიერ ყულევის ქარხნის პროექტის დაფინანსების თანხა – 5 მილიონი აშშ დოლარი, გაიზარდა და ჯამში 8,2 მილიონი აშშ დოლარით განისაზღვრა.

ახალი განკარგულებით „საქართველოს განვითარების ფონდის“ მიერ განსახორციელებელი დაფინანსების ოდენობისა [5.7 მილიონი აშშ დოლარი და 2.5 მილიონი აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი] და სამეთვალყურეო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების ფარგლებში, პროექტის პირობების განსაზღვრა/ცვლილება კი  დირექტორთა საბჭომ უნდა უზრუნველყოს.

„ამასთან, საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე დაუშვებელია, სს „საქართველოს განვითარების ფონდის“ მხრიდან განსახორციელებელი დაფინანსების ოდენობამ გადააჭარბოს 5.7 მილიონ აშშ დოლარსა და 2.5 მილიონი აშშ დოლარის ეკვივალენტ ლარს, სესხის გაცემის დღეს საქართველოს ეროვნული ბანკის დოლარის გაყიდვის ოფიციალური კურსის შესაბამისად.“. – წერია „ოცნების“ მთავრობის ახალ განკარგულებაში.

ამ ახალი განკარგულების გამოცემის მიზნით წარმოდგენილი ყველა დოკუმენტაცია და ინფორმაცია, მათ შორის, განმარტებითი ბარათიც „ოცნების“ მთავრობის მიერ მიჩნეულ იქნა კომერციულ საიდუმლოებად.

შპს „ბლექ სი პეტროლიუმი“ ყულევში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას აშენებს. 2025 წლის 10 დეკემბრის ამონაწერით ამ კომპანიის წილებს ფლობენ შპს მკ კაპიტალი [70,66%] და შპს „დუნამის“ [29,34%].

„ბლექ სი პეტროლიუმის“ გენერალური დირექტორია დავით ფოცხვერია, ხოლო დირექტორი მიხეილ ჭკუასელი.

2025 წლის ოქტომბერში გავრცელდა ინფორმაცია ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მიერ რუსული ნავთობის მიღების შესახებ.

„რუსულმა კომპანია „რუსნეფტმა“ ამ თვეში ნავთობის პირველი პარტია გაუგზავნა საქართველოში, ყულევში გახსნილ ახალ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას,“ – დაწერა საინფორმაციო სააგენტო „როიტერსმა“ 21 ოქტომბერს, LSEG-ის გემების მონაცემებსა და ინდუსტრიულ წყაროებზე დაყრდნობით.

რუსული ნავთობის ყულევის ნავსადგურში შემოტანა დაადასტურა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმაც.

batumelebi.netgazeti.ge