„ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნოდ კიდევ ერთი პროექტი დააანონსა. საუბარია, ყულევის ნავთობგადამმუშავებელ ქარხანაზე, რომლის აშენების დაპირებაც ჯერ კიდევ 12 წლის წინ გაიცა. ყულევის თიზ-ში ნავთობგადამმუშავებელი ქარხნის მშენებლობა 2012 წლიდან იგეგმება, შპს„ბლექ სი პეტროლიუმი“ კი პროექტის რიგით მესამე ინვესტორია, რომელმაც ადგილზე 30 მილიონი დოლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს.  

22 ოქტომბერს გამართულ პრეზენტაციაზე „ბლექ სი პეტროლიუმის“ დამფუძნებელმა,  მაკა ასათიანმა თქვა, რომ ყულევის ქარხანამ საქართველოს ენერგოუსაფრთხოება უნდა უზრუნველყოს.

მმართველი გუნდი პროექტს დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში „ყველაზე მსხვილ კერძო საინვესტიციო პროექტად“ აფასებს. ფინანსები მართლაც კოლოსალურია - მშენებლობის პირველი ეტაპის ბიუჯეტი 110 მილიონ დოლარს, მთლიანი პროექტის საინვესტიციო მოცულობა კი 700 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.

ნედლეულის ყულევში ჩამოტანა რკინიგზით უნდა მოხდეს, რაც  დანახარჯს ასევე გაზრდის.

ენერგეტიკოსი გია არაბიძე იზიარებს მოსაზრებას, რომ ყულევის ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა ქვეყნის ენერგოსტაბილურობის გარანტი უნდა გახდეს. მისივე თქმით, ტრანსპორტირების დანახარჯი უმნიშვნელოა იმასთან შედარებით, რა სიკეთის მოტანაც ყულევის ქარხანას შეეძლება.

„საქართველოს ენერგეტიკულ პოლიტიკაში ერთ-ერთი მიმართულება სწორედ მარაგების შექმნაა, აქ საუბარია, როგორც გაზის, ისე ნავთობის მარაგზე. საქართველოში ასევე უნდა შეიქმნას ნავთობის გადამმუშავებელი ქარხნები.

ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი გახლავთ, რადგან ნავთობის გატარებაში ტრანზიტის ფასი ძალიან უმნიშვნელოა იმასთან შედარებით, რაც მოჰყვება ნავთობგადამმუშავებელი ქარხნის მშენებლობას, ვგულისხმობ ინვესტიციებს, დასაქმებას და ყველაზე მთავარი - შეგვეძლება დავაკმაყოფილოთ შიდა მოთხოვნა ნავთობზე“,- ამბობს ენერგეტიკოსი.

არაბიძე შესაძლო პარტნიორად ყაზახეთს განიხილავს, რადგან აღნიშნული ქვეყანა ცდილობს, რუსეთის მიმართულებით ნავთობის გატარება შეამციროს. თუმცა, არც აზერბაიჯანთან თანამშრომლობას გამორიცხავს.

„ყაზახეთმა ჩვენი მიმართულებით უკვე დაიწყო თავისი ნავთობის გადმოზიდვა. ყაზახური ნავთობით ბილისი-ბაქო-ჯეიჰანის მილსადენით უკვე გადის საქართველოს ტერიტორიაზე. ენერგეტიკული უსაფრთხოება არის ის გარანტია, რომელსაც ყულევის პუნქტი მოგვცემს.

ჩვენს ქვეყანას არ აქვს არც ერთი გრამი ნავთობი და არც ერთი გრამი გაზი. მთავარი და ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც შეიძლება ეკონომიკურ სარგებელზე წინ დავაყენოთ, ეს არის ენერგეტიკული უსაფრთხოება.

მომწოდებლად შეიძლება განვიხილოთ აზერბაიჯანიც და ყაზახეთიც. უბრალოდ ყაზახეთმა რუსეთის გავლით ევროპაში ნავთობის გატარება მინიმალურზე დაიყვანა, რამაც გააჩინა შესაძლებლობა ჩვენთან ასეთი ქარხნების მშენებლობისთვის“,- აღნიშნა გია არაბიძემ.

ცნობისთვის, პროექტის ამჟამინდელი ინვესტორი - „ბლექ სი პეტროლიუმი“  2022 წლის ოქტომბერში დაფუძნდა. მასში 70%-იანი წილი ბიზნესმენ მაკა ასათიანს ეკუთვნის, ხოლო 30%-იანი წილი შპს TRADE STONE IBERIA-ს.

 ქრისტინა კვაჭანტირაძე