2025 წლის იანვარ-ოქტომბერში მდინარეებიდან ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების 120 ფაქტი დაფიქსირდა - ამის შესახებ ირკვევა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ „ბიზნესპრესნიუსისთვის“ მოწოდებული ინფორმაციიდან.

გამოვლენილი დარღვევებიდან 84 ადმინისტრაციული, 36 კი სისხლის სამართლის ნიშნების მქონე სამართალდარღვევა იყო. რაც შეეხება სანქციას, 2025 წლის საანგარიშო პერიოდში ქვიშა-ხრეშის უკანონოდ მოპოვებისთვის ჯამში 111 200 ლარის ჯარიმა გამოიწერა.

აღსანიშნავია, რომ საანგარიშო პერიოდში სამართალდამრღვევთა უდიდესი ნაწილი იურიდიული პირი (ჯამში 15 კომპანია) იყო - რიგ შემთხვევაში კი კომპანიის მხრიდან სალიცენზიო პირობების ან ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების რამდენიმე შემთხვევაც კი ფიქსირდებოდა.

დეპარტამენტის ინფორმაციისა და სამეწარმეო რეესტრში არსებული ბოლო მონაცემების მიხედვით, გთავაზობთ, ვის ეკუთვნის კომპანიები, რომელთა მხრიდანაც ქვიშა-ხრეშის კანონდარღვევით მოპოვების ორ-ორი შემთხვევა გამოვლინდა:

  • შპს „ინერტული მასალების კომბინატი“ 2017 წელს არის რეგისტრირებული სამეწარმეო რეესტრში. კომპანიის 100%-იანი წილის მესაკუთრე ემზარ ასპანიძეა.
  • შპს „ბენა“ 2010 წლიდან ოპერირებს ბაზარზე, მისი წილების მესაკუთრე შპს „ნიუ ვიჟენ ჰოლდინგია“. „ნიუ ვიჟენ ჰოლდინგის“ წილებს კი თანაბრად იყოფენ როსტომ და შმაგი შავაძეები.
  • შპს „მშენებელი თბილისი-95“ რეგისტრირებულია 1995 წელს. კომპანიის მესაკუთრე მარინე ჭანყოშვილია.

ამასთანავე, თითო დარღვევა გამოვლინდა კიდევ 12 კომპანიის შემთხვევაში. აღნიშნული კომპანიების და მათი მესაკუთრეების ჩამონათვალი კი ასეთია:

  • შპს „დაგ ენდ დაგ”-ი რეესტრში 2017 წელს დარეგისტრირდა. მისი მესაკუთრე გიორგი საღირაშვილია.
  • ამ კომპანიების ჩამონათვალში შეხვდებით შპს „გეტა- 2013”-ს. 2013 წელს რეგისტრირებული კომპანიის წილებს სრულად ფლობს ჯახანგირ ახმედოვი.
  • რეესტრში 2009 წელს არის რეგისტრირებული შპს „გლობალ ენერგეტიკი“. კომპანიის წილებს თანაბრად იყოფენ სერგო გოგოლაძე და ივანე გელაშვილი.
  • შპს „კავთურა“ 2003 წელს დარეგისტრირდა სამეწარმეო რეესტრში. კომპანიის წილების 66%-ს ალექსანდრე ნებიერიძე, ხოლო დარჩენილი 34%-ს საქართველოსა და რუსეთის ორმაგი მოქალაქეობის მქონე ნიკოლოზ ლოლაძე ფლობენ.
  • აღნიშნული კომპანიების სიაშია შპს „სივაც“, რომელიც რეესტრში 2014 წელს დარეგისტრირდა. კომპანიის 100%-იან წილს ილია ცერცვაძე ფლობს.
  • 2019 წელს დარეგისტრირდა სამეწარმეო რეესტრში შპს „რუნი“. ამ კომპანიის მესაკუთრე გოდერძი დავითურიაა.
  • შპს „მუხრანა“ 2020 წლიდან ოპერირებს ბაზარზე. კომპანიის წილების 70% დავით თუთბერიძის, ხოლო 30% ირაკლი თუთბერიძის საკუთრებაშია. ირაკლი და დავით თუთბერიძეები საქართველოსა და უკრაინის ორმაგი მოქალაქეები არიან.
  • 2022 წელს არის რეგისტრირებული შპს „ადინადი“. აღნიშნულ კომპანიაში წილების 100%-ს ბექა ქვარიანი ფლობს.
  • შპს „ა-ლ.ფ.ა ჯგუფი“ 2022 წელს დარეგისტრირდა სამეწარმეო რეესტრში. კომპანიის წილების 27.5% გიორგი ტალახაძის საკუთრებაშია, 33.3%-ს რუსეთის მოქალაქე ვალენტინა რომანოვა ფლობს, ხოლო 39.16% თენგიზ თევდორაძის საკუთრებაშია.
  • 1996 წელს დარეგისტრირდა სამეწარმეო რეესტრში შპს „ქცია“, რომლის 50%-ს პაატა შუბითიძე, ხოლო დარჩენილ ნახევარს ლიანა ტყეშელაშვილი ფლობენ.
  • 2017 წელს რეგისტრირებული შპს „თი-ენ- თი კარიერის“ მესაკუთრე შპს „თი-ენ-თი ჯგუფია“. თავის მხრივ „თი-ენ-თი ჯგუფის“ წილებს მანუჩარ ჩანგელია ფლობს.
  • შპს „ევრობილდი“ 2021 წელს დარეგისტრირდა სამეწარმეო რეესტრში. კომპანიის წილებს სრულად ფლობს საქართველოსა და რუსეთის ორმაგი მოქალაქეობის მქონე ანნა ქეცბაია.

www.bpn.ge