"უვიზო მიმოსვლა ევროპასთან არა რომელიმე პარტიის არამედ ხალხის მონაპოვარია. ასოცირების ხელშეკრულება და თავისუფალი ვაჭრობა (DCFTA) ის ინსტრუმენტებია, რომელიც ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის არის საჭირო, რაც არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაიკარგოს" - ასე ფიქრობს ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს გენერალური მდივანი.
როგორც სანდრო (ზვიად) ჭუმბურიძემ "თავისუფალ ბიზნესს" განუმარტა, ის მიღწევები, რომელიც EU-სგან საქართველოს აქვს მინიჭებული, შესანარჩუნებელია, რათა საქართველოსადმი მტრულად განწყობილმა რუსეთმა საგარეო არენაზე არ გაიმარჯვოს. ჭუმბურიძე ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ საქართველოს გარდა, უვიზო მიმოსვლა ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებიდან არავის აქვს, რაც ჩვენს ქვეყანას რეგიონში უპირატეს პოზიციაში აყენებს.
"სამეზობლოსთვისაც კი საქართველო, როგორც პატარა ეკონომიკა, საინტერესოა და მნიშვნელოვანი პარტნიორი ხდება სწორედ იმით, რომ თავისუფალი ვაჭრობა გვაქვს ევროპასთან. გარდა ამისა, უვიზოდ გადაადგილება საქართველოს მოქალაქეებისთვის უპირველესად მორალური მხარეა, რადგან ჩვენ გათანაბრებული ვართ ევროპელ პარტნიორებთან და მოქალაქეებთან და ყოველთვის იქნება უმნიშვნელოვანესი უპირატესობა არამხოლოდ რეგიონში, არამედ სხვა ქვეყნებთან მიმართებითაც," - ამბობსს ჭუმბურიძე და იმედოვნებს, რომ ევროპელი პარტნიორეი და დიპლომატები სხვა მექანიზმს გამოძებნიან და უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობას საქართველოს მოსახლეობას არ წაართმევენ.
მისი შეფასებით, თუ ჩვენ ევროპასთან უვიზო მიმოსვლა შეგვიწყდება და ამაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება მმართველ პარტიას და ეს იქნება, პირველ რიგში, ჩვენ მიმართ მტრულად განწყობილი ქვეყნის - რუსეთისთვის უდიდესი საგარეო გამარჯვება, რაც არ უნდა დავუშვათ. მისი მტკიცხებით, არცერთი მონაპოვარი, რომელიც ევროკავშირთან გვაქვს, არ უნდა დაიკარგოს.