ფინანსისტი ვასილ რევიშვილი თუ საქართველოში ვითარება არ გაუმჯობესდება, სუვერენული რეიტინგის პერსპექტივის გაუარესების შემდეგ ქვეყნის საკრედიტო რეიტინგი შემცირებას არ გამორიცხავს.
მან BM.GE-სთან Moody’s-ის განახლებულ შეფასებაზე ისაუბრა. საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტომ ქვეყნის სუვერენული რეიტინგი Ba2 დონეზე უცვლელად დატოვა, თუმცა მისი პერსპექტივა "სტაბილურიდან" "ნეგატიურამდე" შეამცირა.
ვასილ რევიშვილის აღნიშნავს, რომ Moody’s-ი Fitch-თან შედარებით უფრო ფრთხილია შეფასებებში.
"Moody’s-ის შეფასება ცოტა გვიანი რეაქციაა იმ მოვლენებზე, რომლებიც ქვეყანაში გასულ წელს დაიწყო. Fitch-მა პერსპექტივა ნეგატიურზე რამდენიმე თვის წინ გადაიყვანა, Moody’s ახლა ახდენს რეაქციას. რეიტინგი უცვლელი დარჩა, თუმცა პროგნოზი უარყოფითია, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ მნიშვნელოვანი ცვლილება არ მოხდა უკეთესობისკენ, შეიძლება რეიტინგიც გაუარესდეს.
Moody’s-ი Fitch-თან შედარებით უფრო ფრთხილია შეფასებებში. პროგნოზის გაუარესებას ძირითადად მიაწერს გარე გეოპოლიტიკურ სიტუაციას, მაშინ როდესაც, Fitch-ი უფრო უხვსიტყვიანი იყო შიდა პოლიტიკური სიტუაციის აღწერაში და სწორად ამას მიაწერა პროგნოზის გაუარესება", - ამბობს ფინანსისტი.
რაც შეეხება ქვეყნის პერსპექტივის გაუარესების საინვესტიციო გარემოზე ზემოქმედებას, ვასილ რევიშვილი მიიჩნევს, რომ უკვე დაზიანებულ საინვესტიციო მიმზიდველობაზე ეს დამატებით მნიშვნელოვან გავლენას ვერ მოახდენს.
"გაცილებით უფრო დიდი პრობლემებია, ვიდრე პერსპექტივის გაუარესება, შესაბამისად, ამას საინვესტიციო მიმზიდველობისთვის დიდი ზიანის მიყენება არც შეუძლია იმიტომ, რომ უკვე დიდი ზიანია მიყენებული. Moody’s საკმაოდ ფრთხილია შეფასებებში და ნაკლებად მკაცრად აფასებს შიდა პოლიტიკურ სიტუაციას, თუმცა ხაზს უსვამს რომ მონეტარული პოლიტიკის ეფექტურობაა გაუარესებული მათ შორის დოლარიზაციის თვალსაზრისით", - განაცხადა ვასილ რევიშვილმა.
საერთაშორისო საკრედიტო სარეიტინგო სააგენტო Moody’s-მა საქართველოს სუვერენული რეიტინგი Ba2 დონეზე უცვლელად დატოვა, თუმცა მისი პერსპექტივა "სტაბილურიდან" "ნეგატიურამდე" შეამცირა. აღნიშნული ცვლილება მნიშვნელოვნად უკავშირდება ქვეყნის პოლიტიკურ და გეოპოლიტიკურ გამოწვევებს, რაც საქართველოს მომავალ ეკონომიკურ და ფინანსურ მდგრადობაზე უარყოფითად შეიძლება აისახოს. ორგანიზაცია 2025 წელს საქართველოში 6%-იან ეკონომიკურ ზრდას ელის.
Fitch-მა ბოლო განახლებაში, საქართველოს პერსპექტივა გააუარესა. განახლებული შეფასებით, Fitch-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი კვლავ “BB” დონეზე დაადასტურა. რაც შეეხება პერსპექტივას, ის "სტაბილურიდან" "ნეგატიურამდე" შეამცირა.