„აგრო 1959-ის“ მმართველი პარტნიორი გიორგი ხანიშვილი მიიჩნევს, რომ საჭიროა, დღევანდელი დღევანდელი სოფლის მეურნეობა ბიზნეს სოფლის მეურნეობაზე გადავიდეს, რაშიც იგულისხმებასოფლის მეურნეობის გამსხვილება, რაც მისი განმარტებით, ბუნებრივად გამოიღებს შედეგს, რომ ბაზარს დაფარავს უფრო დიდი დროის სივრცეში და პროდუქცია ბუნებრივად იაფი იქნება.
რადიო „კომერსანტის“ ეთერში საუბრისას გიორგი ხანიშვილი განმარტავს, რომ სამწუხაროდ, ადგილობრივი ბაზარი გაცილებით დიდია და ფერმერები მის დაკმაყოფილებას ვერ ახერხებენ.
„ადგილობრივი პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით ძალიან ბევრ კომპონენტზე შეიძლება საუბარი, მაგრამ მნიშვნელოვანია, თავად ადგილობრივი ბაზრის მოცულობა ვიცოდეთ. მსყიდველუნარიანი ბაზარი და ადგილობრივი ფერმერის მიერ წარმოებული პროდუქციის მოცულობა ძალიან სერიოზულად განსხვავდება ერთმანეთისგან და სამწუხაროდ, ბაზარი გაცილებით დიდია, ვიდრე ფერმერი აკმაყოფილებს მის მოთხოვნას. მეორე მნიშვნელოვანი კომპონენტია დრო - ანუ ადგილობრივი ფერმერი პროდუქციას ვერ აწოდებს მთელი წლის განმავლობაში და შესაბამისად, აქვს ჭარბი პროდუქცია დროის გარკვეულ მონაკვეთში, დროის დანარჩენი ნაწილი კი ფაქტობრივად დათმობილია იმპორტირებულ პროდუქციაზე.
მაგალითად რომ ავიღოთ პომიდორი, ბულგარული წიწაკა და ასე შემდეგ, როგორც კი ადგილობრივი პროდუქციის სეზონი იწყება, ეგრევე ხდება ფასებისმკვეთრი შემცირება, რაც გამოწვეულია სწორედ ჭარბი მიწოდებით და შესაბამისად, არის ძალიან ხშირი შემთხვევები, როცა ფერმერი პრაქტიკულად თვითღირებულებასაც ვერ ინაზღაურებს. ძირითადი პრობლემა აქ არის არა ის, როგორ ჰქონდეს დაბალი ფასი ადგილობრივ პროდუქციას, რადგან ფასი ისედაც დაბალია, არამედ ის, როგორ გავაფართოოთ წარმოება, როგორ გავაფართოოთ დრო, რომ ბაზარს ქართული პროდუქცია მიეწოდოს და ფერმერს სტაბილური შემოსავალი გაუჩნდეს. უნდა გადავიდეთ დღევანდელი სოფლის მეურნეობიდან ბიზნეს სოფლის მეურნეობაზე - ეს არის სოფლის მეურნეობის გამსხვილება, რაც ბუნებრივად გამოიღებს შედეგს, რომ ბაზარს დაფარავს უფრო დიდი დროის სივრცეში და პროდუქცია ბუნებრივად იაფი იქნება. როცა ჩვენს მეზობელ ქვეყნებს ჰექტარზე მოჰყავს დაახლოებით 80 ტონა ხახვი და შენ მოიყვან 10-12 ტონას, ბუნებრივია, მისი თვითღირებულება იაფია. ეს შეგვიძლია გავავრცელოთ ნებისმიერ პროდუქციაზე. თუ მიწები არ გამსხვილდა, ეფექტური ფასწარმოქმნა ვერ გვექნება“, - აცხადებს გიორგი ხანიშვილი.