„თუ ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვა მოხდა ირანსა და ისრაელს შორის მიმდინარე დაძაბულობის პარალელურად, პრობლემა შეიქმნება საზღვაო გადაზიდვებთან მიმართებით“, - ამის შესახებ „სატრანსპორტო დერეფნების კვლევის ცენტრის“ დირექტორი პაატა ცაგარეიშვილი „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს.

მისი თქმით, სრუტის ბლოკადის შემთხვევაში გადამზიდავები აფრიკის შემოვლით გზას მიმართავენ, თუმცა ეს გზა გააძვირებს ხარჯებს, სადაზღვევოს პრემიასა და გაზრდილის გადაზიდვების დროსაც.

„თუ ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვა მოხდა ირანსა და ისრაელს შორის მიმდინარე დაძაბულობის პარალელურად, გარკვეულწილად, პრობლემა შეიქმნება საზღვაო გადაზიდვებთან მიმართებით. თუმცაღა, უნდა აღინიშნოს, რომ ჰუსიტების შეტევების შემდეგ საზღვაო გადაზიდვები ადაპტირებულია უკვე აფრიკის შემოვლითი მარშრუტის გამოყენებაზე. ამ ნაწილში უფრო მარტივად იქნება შესაძლებელი, რომ ბლოკადის შემთხვევაში დიდი საკონტეინერო და სხვა ტიპის გემები შემოვლით გზაზე გადაერთონ“, - დასძინა რესპონდენტმა.

მისი თქმით, დაძაბულობის პარალელურად ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვა საკონტეინერო გადაზიდვებს დაახლოებით 30-40%-ის ფარგლებში გააძვირებს.

„აღსანიშნავია ისიც, რომ მარშრუტის ამ კუთხით ცვლილება, პირველი და ყველაზე მთავარი, რა თქმა უნდა, კონტეინერებისა და პროდუქციის ღირებულებას დაახლოებით 30-40%-ის ფარგლებში გააძვირებს. ამასთანავე, რა თქმა უნდა, გააძვირებს სადაზღვევო პრემიას და ამ კუთხით გაწეულ ხარჯებს. გარდა ამისა, მარშრუტის ცვლილება გაზრდის ტვირთის გადატანის დროსაც. საბოლოოდ, ეს ყოველივე აისახება ფინანსურ ეკვივალენტში“, - განაცხადა „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას პაატა ცაგარეიშვილმა.

შეგახსენებთ, „ბიზნესპრესნიუსი“ უცხოურ მედიაზე დაყრდნობით უკვე წერდა, რომ ირანი არაერთხელ დაიმუქრა ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვით. ეს სრუტე აკავშირებს სპარსეთის ყურესა და არაბეთის ზღვას. ამასთანავე, ჰორმუზის სრუტე მსოფლიო ნავთობის ვაჭრობის მეოთხედს ატარებს და Goldman Sachs-ის ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ მისი ბლოკადით ნავთობის ფასებმა ბარელზე შესაძლოა, 100 დოლარსაც კი გადააჭარბოს. Sky News წერს, რომ ჰორმუზის სრუტის ბლოკადა ირანისთვის იქნებოდა უკიდურესი ნაბიჯი, იქიდან გამომდინარე, რომ ამ სრუტით სარგებლობს კატარი, არაბთა გაერთიანებული საემიროები და ჩინეთი, რაც, გარკვეულწილად, მათთან ირანის ურთიერთობის დაძაბვას გამოიწვევს.

www.bpn.ge