ეკონომიკა, სიღარიბის დაძლევა, სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება, ეს არის ჩვენი უმთავრესი ამოცანა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პირველი არხის გადაცემაში - „აქტუალური თემა“ განაცხადა.

პრემიერის თქმით, თუ  ამ ტემპით გაგრძელდება ეკონომიკის ზრდა,  უკვე საშუალოვადიან პერსპექტივაში ქვეყანა შესაძლოა მიუახლოვდეს ევროკავშირის საშუალო დონეს, ეკონომიკური განვითარების კუთხით.

„რაც შეეხება ეკონომიკას, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში სწრაფად იზრდება ჩვენი ეკონომიკა. დოლარში საქართველოს ეკონომიკა, სულ მოსახლეზე გაორმაგდა და კიდევ უფრო მეტად გაიზარდა. მხოლოდ ამ ოთხი წლის განმავლობაში გვქონდა უპრეცედენტო ეკონომიკური ზრდა და ჩვენი მთავარი ამოცანა ამ ზრდის შენარჩუნებაა. ჯერ კიდევ ჩამოვრჩებით ევროპულ ქვეყნებს, კეთილდღეობის დონით, მაგრამ თუ გავაგრძელებთ ამ ტემპით ეკონომიკის ზრდას, ჩვენ უკვე საშუალოვადიან პერსპექტივაში შეიძლება მივუახლოვდეთ ევროკავშირის საშუალო დონეს, ეკონომიკური განვითარების კუთხით და შესაბამისად, სოციალური პირობებიც შეიძლება რადიკალურად გაუმჯობესდეს ჩვენს ქვეყანაში. ჩვენი პროგრამული მიზნების მიხედვით, ჩვენი ამოცანაა, სიღარიბის უმუშევრობის შემცირება მაქსიმუმ 4%-მდე. არც ერთმა მაჩვენებელმა არ უნდა გადააჭარბოს 4%-ს. როგორც ახლა მივდივართ, ეს არის აბსოლუტურად მიღწევადი 2028 წლისთვის. ეკონომიკა, სიღარიბის დაძლევა, სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება, ეს არის ჩვენი უმთავრესი ამოცანა, - განაცხადა პრემიერმა.

ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.