საქართველოში თხილის მოსავლის რაოდენობის გაზრდას ელიან. როგორც „ბიზნესპარტნიორს“ საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარემ მერაბ ჭითანავამ  განუცხადა, წელს ქვეყანა, სავარაუდოდ, 50 ათას ტონამდე თხილს მიიღებს, რაც გასული წლის მაჩვენებელზე, 5-10%-ით მეტი იქნება.

გარდა გაუმჯობესებული მოსავლისა, ასოციაციაში ელოდებიან, რომ თუ ფერმერები აქტიურად იქნებიან ჩართულები ბაღების მოვლასა და შეწამვლაში, გაუმჯობესდება თავად თხილის ხარისხიც.

„უნდა ითქვას, რომ მეთხილე ფერმერების დასახმარებლად და საქართველოში, თხილის პირველადი წარმოების ხელშეწყობის მიზნით, 3 წელია სახელმწიფო პროგრამაც ხორციელდება, რომლის ფარგლებშიც ფერმერებს აგროქულები ერიცხებათ. მისი  განაღდების შესაძლებლობა, მათ ისევე როგორც გასულ წლებში, წელსაც 31 აგვისტოს ჩათვლით ექნებათ და ისინი შეძლებენ, თხილის მოვლა-მოყვანისთვის საჭირო პესტიციდებისა და აგროქიმიკატების შეძენას“, - აღნიშნა ჭითანავამ და მოუწოდა ფერმერებს, რომ აღნიშნული აგროქულები აუცილებლად გამოიყენონ.

რაც შეეხება ქართული თხილის საექსპორტო მაჩვენებლებს, ბოლო მონაცემებით, ანუ 2024 წლის 1 აგვისტოდან 2025 წლის 1 ივნისამდე პერიოდში, საქართველოდან თითქმის 111 მილიონი დოლარის ღირებულების, 17 ათას ტონაზე მეტი თხილია ექსპორტირებული. თხილის საშუალო საექსპორტო ფასი კი, კილოგრამზე თითქმის 14%-ით არის გაზრდილი და 6.5 დოლარს შეადგენს.

თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ქართული თხილი ძალიან პერსპექტიული საექსპორტო პროდუქტია, დარგის ექსპერტები ამბობენ, რომ ადგილობრივი თხილის ინდუსტრიაში კვლავ რჩება გარკვეული გამოწვევები, რომელთა დიდი ნაწილი ისევ ფაროსანას, ნიადაგის მჟავიანობას და თხილის ხმობის საკითხს უკავშირდება.

„ნიადაგის მჟავიანობა არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი შემაჩერებელი მოსავლიანობის. ამ ნიადაგის მჟავიანობის ჭრილში, ჩვენი საშუალო მოსავლიანობა მცირე და საშუალო ზომის ბაღებში 1 ტონამდეც კი ვერ ადის და დაახლოებით, 700 კილოგრამია, როდესაც შეიძლება 3 ტონა გახდეს თავისუფლად. მეორე მნიშვნელოვანი გამოწვევაა, რომ ინტენსიურად გვაქვს თხილის ხმობის პრობლემა, რომელიც წელსაც გაგრძელდა. სოფლის მეურნეობის კვლევითი ცენტრი, ჩვენი ასოციაცია  - ყველა ერთად ვმუშაობთ ამ პრობლემის გადაჭრის გზებზე, მაგრამ ეს საკმაოდ რთული პროცესია. ამასთან, დღეს ჩვენი ინდუსტრიის გამოწვევას წარმოადგენს ფერმერების ნაკლები ჩართულობა და ინტერესიც. წვრილ და საშუალო ფერმერთა ჩართულობა ამ სექტორში არის ძალიან დაბალი და შესაბამისად, ჩვენი მოსავლიანობის ხარისხი არის ნახევარი იმისი, რა პოტენციალიც გაგვაჩნია“, - აღნიშნა მერაბ ჭითანავამ.

შეგახსენებთ, ბოლო წლებში, ხშირი ნალექის გამო, ქვეყანაში თხილის მოსავლიანობა საკმაოდ შემცირებული იყო, მაგალითად - 2022 და 2023 წლებში ის 40 ათას ტონამდე დაეცა. ამ კუთხით უკეთესი აღმოჩნდა 2024 წელი და ქართული თხილის მოსავალმა 45 ათას ტონას მიაღწია, თუმცა, მიმდინარე წელს, მეთხილე ფერმერები ამ მაჩვენებლის კიდევ უფრო გაუმჯობესებას პროგნოზირებენ.

ბიზნესპარტნიორი