„ნუშისა და კაკლის მოსავალი წესით გეომეტრიული პროგრესით უნდა გაიზარდოს. მინიმუმ უნდა გაორმაგდეს“, - ამის შესახებ „კომერსანტთან“ საუბრისას ნუშის და კაკლის მწარმოებელთა ასოციაციის დირექტორმა თორნიკე ლათათიამ განაცხადა. მისი თქმით, ამასთან დაკავშირებით კვლევა ივლისი-აგვისტოში ჩატარდება და უფრო ზუსტი ციფრი იქნება ცნობილი.

„გასულ წელს, ნუშის შემთხვევაში, გვქონდა 2000 ტონა მოსავალი, ვგულისხმობ გაუტეხავ ნუშს. კაკალში გაჩნდა დაახლოებით 2500-დან 3000 ტონამდე მოსავალი. ეს მოსავალი ითვლება მხოლოდ კომერციულ, ახლად გაშენებულ ბაღებში. იმიტომ, რომ ჩვენთან კაკლის ველურად მოპოვება იყო და ეგ რაოდენობა აღრიცხვას არ ექვემდებარება,“ - ამბობს თორნიკე ლათათია.

მისი თქმით, საქართველოში საკმაოდ საინტერესო საინვესტიციო გარემოა და სექტორს დიდი პერსპექტივა აქვს.

„რაც შეეხება ტენდენციას, საინტერესო ბიზნესია, მოხმარება საშუალოდ 5-დას 7%-მდე იზრდება. საქართველოში საინვესტიციო გარემო, მიწა ბევრად იაფი ღირს, წყლის რესურსი არსებობს, თან უფასო, რაც მნიშვნელოვანი პრობლემაა სხვებისთვის, მუშახელის ხელმისაწვდომობა შედარებით იაფია, რაც ევროპულ ქვეყნებშია, მიწა ნოყიერია. საბოლოო ჯამში, შეგიძლია აწარმოო იგივე, ან უკეთესი ხარისხის პროდუქტი რასაც ესპანეთი აწარმოებს, უფრო იაფად“, - ამბობს თორნიკე ლათათია.

რაც შეეხება გამოწვევებს, მისი თქმით, სექტორში ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა გამოცდილების და ტექნიკური განათლების არქონა იყო. თუმცა, დღეს კომპანიები, რომლებიც ამ მიმართულებით აინვესტირებენ თანხებს, „გააზრებულად, სწორი მოლოდინებით, მინიმალური შეცდომებით მუშაობენ და კომერციულად საკმაოდ საინტერესო პროექტები აქვთ“.

„ჩვენთან ძირითადად გაშენებულია ევროპული ჯიშები, ესპანური და იტალიური. გარემო-პირობები იმისთვის, რომ სოფლის მეურნეობაში ინვესტირება მოხდეს იდეალურია, ჩვენს შემთხვევაში პრობლემა იყო ის, რომ ტექნიკური განათლება ამ ყველაფრის არ მიყვებოდა, შეცდომები იყო დაშვებული საწყის ეტაპზე დაშვებული, ჯიშები არასწორად იყო შერჩეული და შესაბამისად რაღაც ეტაპზე ნიჰილიზმი  გაჩნდა რაღაც ეტაპზე. წელს, როცა რაღაც შედეგები დაიდო, ფინანსური შემოსავლები მოიტანა ამ ყველაფერზე, უფრო იბრუნებს ინტერესს.

სოფლის მეურნეობაში ასეა, როცა რაღაცას არასწორად აკეთებ, ხარჯია და როცა მერე ამ შეცდომას ასწორებ, ესეც კიდევ ხარჯია. პლუს მოლოდინები თავში არასწორად იყო შექმნილი. იმიტომ რომ მოლოდინი ჰქონდათ, რომ 4 წლის თავზე კომერციულ მოსავლებს აიღებდნენ. არასწორად შექმნილმა მოლოდინებმა, პლუს პროცესში დაშვებულმა შეცდომებმა რაღაც ეტაპზე ნიჰილიზმი გამოიწვია. თუმცა, დღეს კომპანიები, რომლებიც ამ მიმართულებით აინვესტირებენ თანხებს, გააზრებულად, სწორი მოლოდინებით, მინიმალური შეცდომებით აკეთებენ და კომერციულად საკმაოდ საინტერესო პროექტები გამოსცდით“, - ამბობს თორნიკე ლათათია.