2025 წელს გლობალური ეკონომიკა 2,8%-ით გაიზრდება - ამის შესახებ აღნიშნულია გაეროს ეკონომისტების ანგარიშში „მსოფლიო ეკონომიკური მდგომარეობა და პერსპექტივები 2025“ (WESP 2025).

მათივე პროგნოზით, უკვე 2026 წელს მსოფლიო მშპ-ს ზრდა შესაძლოა, 2.9%-მდე დაჩქარდეს.

„მიუხედავად იმისა, რომ გლობალურმა ეკონომიკამ აჩვენა მდგრადობა, გაუძლო ურთიერთგამაძლიერებელ შოკებს, ზრდა რჩება პანდემიამდელ საშუალო მაჩვენებელზე - 3.2%-ზე დაბალი. ამის მიზეზი კი არის შემცირებული ინვესტიციები, წარმოების ნელი ზრდა და მაღალი სავალო ტვირთი“, - ნათქვამია მოხსენებაში.

ანალიტიკოსების თქმით, ბევრ ქვეყანაში ინფლაციის შესუსტებამ და მონეტარული პოლიტიკის შერბილების გაგრძელებამ შეიძლება ხელი შეუწყოს გლობალური ეკონომიკის მოკრძალებულ აღდგენას წელს. თუმცა, ბევრ ქვეყანაში გაურკვევლობა კვლავ მაღალია გეოპოლიტიკური კონფლიქტების, გაზრდილი სავაჭრო დაძაბულობისა და საგარეო ვალის გამო, რაც რისკებს ზრდის.

ამასთან, გაეროს შეფასებით, აშშ-ის ეკონომიკა 2025 წელს 1,9%-ით გაიზრდება, ხოლო მომავალ წელს 2,1%-ით. გაერთიანებული სამეფოსთვის პროგნოზი ასეთია - 2025 წელს - 1.2% და 2026 წელს -1.4%, ხოლო იაპონიისთვის 1% და 1.2%. ევროკავშირში მშპ-ის უახლოეს ორ წელიწადში 1,3% და 1,5%-ით გაიზრდება, ხოლო ევროზონის ქვეყნებში 1,1% და 1,3%-ით.

ამავე პროგნოზის მიხედვით, 2025 წელს ჩინეთის მშპ გაიზრდება 4.8%-ით და გაისად 4.5%-ით, ბრაზილიის 2.3%-ით და 1.9%-ით, ინდოეთის 6.6%-ით და 6.7%-ით.

განვითარებული ქვეყნების ეკონომიკების ზრდა 2025 წელს მოსალოდნელია 1,6%-ის დონეზე, 2026 წელს - 1,8%. განვითარებადი ქვეყნებისთვის კი ეს პროგნოზები, შესაბამისად, 4.3% და 4.2%-ია - აღნიშნულია ანგარიშში.

წყარო: bpn.ge