ტრამპმა 2 აპრილს სავაჭრო ტარიფების შესახებ დეტალები გამოაცხადა და საკუთარ გადაწყვეტილებას ამერიკის "გათავისუფლების დღე" უწოდა. 10%-იანი უნივერსალური საბაზისო ტარიფი დაუწესდა ყველა ქვეყანას და მათ შორის, საქართველოსაც, ზოგიერთ ქვეყანას კი საპასუხო და შესატყვისი ტარიფი, ოღონდ "ფასდაკლებით", როგორც ტრამპმა თავად აღნიშნა. 10-10%-იანი ტარიფები დაუწესდა აზერბაიჯანს, სომხეთს, უკრაინასა და კიდევ სხვა ქვეყნებს, მოლდოვას კი - 31%. ჩინეთს დაუწესდა 34%-იანი. საინტერესოა, რომ ჩინეთს მანამდე ტრამპის განცხადებების საპასუხოდ დაწესებული ჰქონდა 67%-იანი ტარიფი და ჩინეთი იმ ქვეყნების რიგშია, რომლებზეც ტრამპმა თქვა, რომ მათ ტარიფები "ფასდაკლებით" დაუწესდათ - ანუ ტრამპის "ფასდაკლებაში", მისივე თქმით, იგულისხმება, რომ მან ზოგიერთ ქვეყანას გაუნახევრა ის ტარიფი, რაც თავად აქვთ აშშ-ისთვის დაწესებული. ევროკავშირიც ამ "ფასდაკლებულთა" შორისაა, რადგან თავად ევროკავშირს მანამდე აშშ-ისთვის ჰქონდა 39%-იანი ტარიფი გაცხადებული. როგორც ტრამპმა თქვა, ევროკავშირს 20%-იანი ტარიფი დაუწესდება. რაც შეეხება ამერიკის სხვა სტრატეგიულ პარტნიორებს, იაპონიას დაუწესდა 24%-იანი, ინდოეთს - 26%, სამხრეთ კორეას - 25%. საინტერესოა, რომ აზიის ქვეყნები ყველაზე მეტად მოყვნენ მაღალი ტარიფების ზონაში.
ტარიფები დაუწესდა ყველა უცხოურ ავტომწარმოებელს, რომლებიც აშშ-ში ყიდის მანქანებს, ჯამში 25%-იანი, და როგორც ეკონომისტები აღნიშნავენ, ეს დაახლოებით 600-მილიარდიანი ბაზარია, რომელზეც 25%-იანი ტარიფი გავრცელდება. ის გავრცელდება ასევე კომპიუტერებზე, ჩიპებსა და სხვა მსგავსი სახის პროდუქციაზე. ტარიფები 3 მაისიდან ამოქმედდება, თუმცა ნაწილი უკვე ამოქმედდა 3 აპრილის 00:01 საათიდან ვაშინგტონის დროით.
საქართველო მოყვა საბაზისო ანუ ტარიფების ყველაზე დაბალ - 10%-იან ზონაში. აქამდე საქართველოსა და აშშ-ს შორის ვაჭრობა ფაქტობრივად ნულოვანი ტარიფით ხდებოდა და ცხადია, ახალი განაკვეთი სავაჭრო მოცემულობას ცვლის. აშშ-ის ოფიციალური მონაცემებით, შარშან საქართველოდან შევიდა 165,4 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების საქონელი, ხოლო ამერიკიდან საქართველოში - 1,7 მილიარდი დოლარის ანუ აშშ-ს საქართველოსთან, როგორც მოსალოდნელი იყო, ძალიან დიდი დადებითი სავაჭრო ბალანსი აქვს.
სავაჭრო ბალანსის თემა იმით არის მნიშვნელოვანი ტრამპის სავაჭრო ტარიფების პოლიტიკაში, რომ როგორც აღმოჩნდა, ტარიფების ოდენობა სწორედ ამ ბალანსის მიხედვით განისაზღვრა და მაღალი დაუწესდა მათ, ვისთანაც აშშ-ს უარყოფითი სავაჭრო ბალანსი ჰქონდა. მეორე მხრივ, ტრამპი თავის სატარიფო პოლიტიკას იმით ხსნიდა, რომ უნდოდა წარმოების ამერიკაში დაბრუნება. როგორც ეკონომიკის ანალიტიკოსები ამბობენ, ამას შესაძლოა ჰქონდეს დადებითი მხარეები - წახალისდება შიდა წარმოება, რადგან უცხოური საქონლის გაძვირება უპირატესობას ანიჭებს ადგილობრივ მწარმოებლებს და ამცირებს უცხოურ დამოკიდებულებას; გაიზრდება დასაქმების პოტენციალი ინდუსტრიულ სექტორში, რადგან თუ ამერიკული საწარმოები გაიზრდება, მოიმატებს მოთხოვნა შრომაზეც; შესაძლოა შემცირდეს ვაჭრობის დეფიციტი, რადგან ზოგადად ტარიფები ამცირებს იმპორტს, რაც შეიძლება დადებითად აისახოს აშშ-ის საგარეო სავაჭრო ბალანსზე და რაც მთავარია, როგორც ანალიტიკოსები აღნიშნავენ, ამით ტრამპის პოპულარობა იზრდება ქვეყანაში, რადგან დაბალ ფენებს ეროვნული ეკონომიკის პრიორიტეტიზაცია მასშტაბურად მოსწონთ. თუმცა ამ ყველაფერს აქვს უარყოფითი მხარეებიც და პირველ რიგშია ინფლაციის ზრდა, რაც უკვე დაწყებულია, რადგან იმპორტირებული საქონლის გაძვირება ფასების ზრდას იწვევს, რაც საბოლოოდ მომხმარებელზე აისახება. გარდა ამისა, არსებობს შესაძლო სავაჭრო ომების მოლოდინი, რადგან სხვა ქვეყნები საპასუხოდ აწესებენ ტარიფებს ამერიკულ პროდუქტებზე, ხოლო ეს ექსპორტიორებს აზიანებს და სატარიფო ესკალაციას ქმნის. ამას კი მოსდევს გლობალური მიწოდების ჯაჭვების დაზიანება, რადგან ბევრი ამერიკული კომპანია დამოკიდებულია უცხოურ კომპონენტებზე. მათი გაძვირება საბოლოოდ პროდუქციას აძვირებს. შესაძლოა შემცირდეს ინვესტიციები, რადგან ტრამპის პოლიტიკა ინვესტორებისთვის დაუცველ გარემოს ქმნის. ეს ყველაფერი იწვევს გლობალური ვაჭრობის შენელებასა და პროტექციონიზმის ზრდას, რასაც მოჰყვება გლობალური ფასების არასტაბილურობა. განსაკუთრებით დაზარალდებიან იმპორტდამოკიდებული ქვეყნები და ისეთი სექტორები, როგორიცაა ელექტრონიკა, ავტომობილები და ტექსტილი.
ეკონომიკური ფაქტორების გვერდით კი არის მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფაქტორებიც და შიშობენ, რომ ტრამპის ეს გადაწყვეტილება დააზიანებს აშშ-ის მოკავშირეებსა და სტრატეგიულ პარტნიორებს. აქ მნიშვნელოვანია ის, რომ აშშ-ის პოზიციონირება "ეკონომიკურ ნაციონალიზმზე" გადადის, რაც ძირს უთხრის საერთაშორისო ეკონომიკურ წესებზე დაფუძნებულ წესრიგს, გართულდება ურთიერთობები როგორც ჩინეთთან, ისე ევროკავშირთან, იაპონიასა და სხვა პარტნიორებთან. ამან კი შეიძლება გამოიწვიოს ახალი "ეკონომიკური ბლოკების" ფორმირება, რაც, ცხადია, გაურკვევლობის ხარისხს ზრდის.
რას ნიშნავს ტრამპის სატარიფო პოლიტიკა თითოეული ადამიანისთვის და მათ შორის, რა გავლენა ექნება ქართულ ეკონომიკაზე პირდაპირ თუ ირიბად, ამ საკითხებზე "კვირის პალიტრა" ეკონომიკის დოქტორს, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის პროფესორ ვახტანგ ჭარაიას ესაუბრა.
- ტრამპის გადაწყვეტილება ცალსახად პოლიტიკურია, რადგან მასში ეკონომიკური გათვლები რთულად მოიძებნება. თავად ტრამპი კი ამბობს, ისევ ამერიკის ეკონომიკას ვაძლიერებო, მაგრამ ეს ძნელად წარმოსადგენია, რადგან ამან უკვე გამოიწვია ამერიკაში მთელ რიგ პროდუქტებზე ფასების ზრდა და როდესაც ტარიფები სრულად ამოქმედდება, ფასების ზოგადი დონე უფრო მოიმატებს, მიუხედავად იმისა, პროდუქტი ამერიკული იქნება თუ იმპორტირებული. ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ სუფთა ამერიკულ პროდუქტს რასაც უწოდებენ, მაგალითად, "ტესლას" ავტომობილიც კი გაძვირდება, იმიტომ, რომ უამრავ ნედლეულს იყენებს სხვადასხვა ქვეყნიდან და ისინიც ტარიფების ქვეშ მოექცევა და გაძვირდება.
რაც შეეხება საქართველოს, ამ ტარიფებს შეუძლია ის უარყოფითი გავლენა იქონიოს, რომ მეორადი ავტომობილები, რომლებიც ამერიკიდან შემოგვყავს, სავარაუდოდ, გაძვირდება.
ამას გარდა, მსოფლიო ვაჭრობის შემცირება 3-დან - 1%-მდე გამოიწვევს მსოფლიო ეკონომიკის შესუსტებასაც, რამაც შესაძლოა ჩვენთვის საინტერესო ქვეყნებიდან ტურისტების მოზიდვაზე მოახდინოს პირდაპირი ან ირიბი ზეგავლენა. ზოგადად გლობალური ეკონომიკის შემცირება უარყოფითად აისახება, პირველ რიგში, ტურიზმზე. რა თქმა უნდა, ვაჭრობასა და სხვა საკითხებზეც, მაგრამ ჩვენი ეკონომიკიდან გამომდინარე, უფრო მეტად ტურიზმი გვაინტერესებს.
- როგორი იქნება ამ გადაწყვეტილების შედეგები როგორც ევროკავშირისთვის, ასევე ევროპის ცალკეული ქვეყნებისთვის?
- ევროკავშირის წევრ ქვეყნებს გაურთულდებათ ამერიკის ბაზარზე მოხვედრა, რადგან გაძვირდება ფასი და შესაბამისად, შემცირდება მოთხოვნა მათ პროდუქციაზე. თუმცა მეორე მხარეც გასათვალისწინებელია, ევროპელებიც და არა მხოლოდ ევროპელები, ამბობენ, რომ თვითონაც აპირებენ საპასუხო ტარიფების დაწესებას, რაც უფრო უარეს დღეში ჩააგდებს არა მარტო ამერიკის, არამედ ევროკავშირის ეკონომიკასაც, იმიტომ, რომ ესკალაცია რაც უფრო გაძლიერდება და ამ ტარიფების საკითხი იქნება უფრო და უფრო მეტად შემოტანილი, საბოლოოდ მით უფრო იზარალებს ყველა.
როგორც ტრამპი ამბობს, ტარიფების გზით ამერიკის ბიუჯეტში მეტი თანხა შევა და ეს მართალია, მაგრამ ვის ხარჯზე და ვის გაურთულებს ცხოვრებას, ეს საკითხი ნამდვილად მნიშვნელოვანია.
ტრამპის მხრიდან ეს, გარკვეულწილად, დასჯის მექანიზმიც არის, რათა დასაჯოს მთელი რიგი ქვეყნები და მათ შორის, გასაკვირია, მაგრამ თავისივე სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნებიც, მაგალითად, ბრიტანეთი, კორეა, იაპონია. ჩემი აზრით, და არა მარტო ჩემი, ცოტა გასაკვირი გადაწყვეტილებაა, თუმცა არის ძალაუფლების ჩვენების მკაფიო გამოვლინება.
- ამ პოლიტიკური ძალაუფლების ჩვენება აზარალებს გლობალურ ეკონომიკას და მათ შორის თავად ამერიკის ეკონომიკასაც, ხომ? ამით ტრამპი საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში რა სარგებელს ნახავს არა მხოლოდ ეკონომიკურად, თუნდაც პოლიტიკურად?
- არ ვიცი, ვერ გეტყვით. მხოლოდ ეკონომიკურადაც რომ შევაფასოთ, გარდა იმისა, რომ რაღაც პოლიტიკური ძალაუფლების ჩვენება უნდა, არ ვიცი, რაზეა გათვლა.
- თავად თქვა, რომ სურს წარმოების ამერიკაში დაბრუნება და ამიტომ აწესებს ტარიფებს. ამ პირობებში წარმოების დაბრუნება შესაძლებელი იქნება?
- ფორმალურად კი ამბობს ამას, მაგრამ რომ დაბრუნდეს, ჯერ ერთი, უფრო ძვირი დაჯდება, ვიდრე, მაგალითად, ჩინეთში. წარმოება მიდის იქ, სადაც თვითღირებულება ნაკლებია და ამ პირობებში, როდესაც მისი პოლიტიკა ნედლეულის გაძვირებას ითვალისწინებს, როგორ უნდა დაბრუნდეს? რომ დაბრუნდეს, იქნება გაცილებით ძვირი, ვიდრე ახლაა და მერე ვინ იყიდის მათ პროდუქციას?
- გამოდის, ახალი წონასწორობა უნდა ჩამოყალიბდეს და ვიდრე ეს მოხდება, იქნება მუდმივი ტურბულენტობა, თუნდაც მხოლოდ ეკონომიკური?
- კი, ნამდვილად მოსალოდნელია.
- გასაგებია, პროდუქცია რომ ძვირდება, ამის გამო ნაკლებად იყიდება, რაც ქმნის კრიზისს, და რამდენად არის შესაძლებელი, რომ ამ პროცესებმა მსოფლიო ეკონომიკურ ან ფინანსურ კრიზისებამდე მიგვიყვანოს?
- მსოფლიო ფინანსურ კრიზისამდე საქმე, ალბათ, არ მივა, მაგრამ თუ ეს პროცესები გაგრძელდა და დაიწყო ესკალაცია, იმან 30% დაუწესა, ამან 50%, მერე იმან საპასუხოდ 70% და ასეთ პროცესებში გადავიდნენ, რა თქმა უნდა, სავსებით შესაძლებელია სხვადასხვა სახის კრიზისები გამოვლინდეს მსოფლიოში.
- როგორი? რას უნდა ველოდოთ?
- ძალიან რთულია პროგნოზირება. ჯერჯერობით, გვაქვს ტრამპის განცხადება. ეს უნდა ამოქმედდეს და ვნახოთ, საპასუხო რეაქციები როგორი იქნება. ისიც მნიშვნელოვანია, როგორ მიეჩვევა მომხმარებელი ამ ყველაფერს, რამდენად იქნება მზად, გაძვირებული ფასების პირობებში იმოქმედოს. მთელი რიგი მოვლენები და მოქმედებებია, რომლებიც უნდა მოხდეს, რათა დავინახოთ, ეს ამბავი სად და როგორ დამთავრდება. თუმცა იმის თქმა დანამდვილებით, ახლავე შეიძლება, რომ უარყოფითი შედეგები ამას ერთმნიშვნელოვნად მოჰყვება.
- "კოვიდის" დროს მუდმივად გვესმოდა, რომ დაირღვა მიწოდების ჯაჭვები, რამაც უარყოფითი გავლენა მოახდინა მსოფლიო ეკონომიკაზე. შესაძლებელია ახლაც იგივე განმეორდეს და თუნდაც ამ ბარიერების გამო ახალი ჯაჭვების გაბმა გახდეს საჭირო?
- ცვლილებები ნამდვილად იქნება, რადგან, პირობითად, ჩინეთიდან რაღაც ნაკლები წავა ამერიკაში და პირიქითაც შემცირდება, რადგან ისინიც საპასუხო ზომების მიღებას აპირებენ. ამიტომ ახალი გადაჯგუფებები ნამდვილად იქნება.
- შეიძლება ამან ახალი პოლიტიკური ალიანსების ჩამოყალიბებას შეუწყოს ხელი?
- რა თქმა უნდა, შეიძლება. თუმცა, მეორე მხრივ, პოლიტიკური ალიანსები იმდენი ხნის გამოცდილებით არის ჩამოყალიბებული და იმხელა პოლიტიკური მნიშვნელობა აქვთ, რომ მხოლოდ ტარიფების ზრდის გამო შესაძლებელია დიდად არც შეიცვალოს. მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირს მოუწევს მაღალი ტარიფების გადახდა, სხვა მოკავშირე ვინ ჰყავს, გარდა ამერიკისა, რომ მათი თანამშრომლობა შეიცვალოს? არა მგონია, ევროპა ან რუსეთთან შეკავშირდეს, ან ჩინეთთან და ამიტომ ვფიქრობ, მოუწევს ამ მოცემულობაზე როგორმე მორგება.
- ახალი ტარიფები მაისის დამდეგიდან ამოქმედდება. ეკონომიკური შედეგები რამდენ ხანში იქნება ხელშესახები?
- ალბათ, მაშინვე, როდესაც დაიწყება ახალი ტარიფებით დაბეგვრა, მით უმეტეს, განცხადებების შემდეგ უკვე მოახდინა ფასებზე გავლენა. მომხმარებლის ჯიბეზე ასახვა კი 3 მაისიდანვე გამოჩნდება.