1 თვეში, თბილისში ბინების გაყიდვები თითქმის 20%-ით შემცირდა. „თიბისი კაპიტალის“ მონაცემებით, 2024 წლის იანვარში დედაქალაქში 3 ათასამდე ბინა გაიყიდა, რაც დეკემბრის თვესთან შედარებით მნიშვნელოვნად შემცირებული მაჩვენებელია. რაც შეეხება ფასებს, თვიურ ჭრილში გასაყიდ უძრავ ქონებაზე ფასების ცვლილება არ შეინიშნება, თუმცა, წლიურად ბინები გაძვირებულია.

როგორც „ბიზნესპარტნიორს“ „თიბისი კაპიტალის“ უფროსმა ასოცირებულმა მკვლევარმა სალომე დეისაძემ განუცხადა, თბილისში უძრავი ქონების გასაყიდი ფასი მიმდინარე წლის იანვარში, კვადრატულ მეტრზე 1,205 დოლარს გაუტოლდა და ფაქტობრივად, წინა თვის დონეზე დარჩა. წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით კი 9%-იანი ზრდა დაფიქსირდა.

„ჯამში, ბაზრის მოცულობამ 234 მილიონი დოლარი შეადგინა და 2023 წლის იანვართან შედარებით 11%-ით გაიზარდა. რაც შეეხება ამონაგებს, 2024 წლის პირველ თვეს, თბილისში საცხოვრებელი უძრავი ქონების ამონაგებმა 10.5% შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელს თითქმის 1.5 პროცენტით ჩამორჩება. თუმცა, მიუხედავად შემცირებული ამონაგებისა, უძრავი ქონება არ კარგავს მიმზიდველობას და საინვესტიციოდ კვლავ მოთხოვნად აქტივად რჩება. რაც შეეხება ბინების გასაქირავებელ ფასებს, აქ ბოლო რამდენიმე თვეა კლება ფიქსირდება და ბოლო მონაცემებით, კვადრატული მეტრის ფასი 12 დოლარს უტოლდება, რაც 2023 წლის იანვრის მაჩვენებელზე 4%-ით ნაკლებია. ვფიქრობთ, ქირა წლის ბოლომდე კიდევ გაიაფდება, გასაყიდი უძრავი ქონების ფასი კი ან არსებულ მაჩვენებელზე შენარჩუნდება, ან მცირედით გაიზრდება“, - აღნიშნა სალომე დეისაძემ.

რაც შეეხება ტრანზაქციებს, როგორც „თიბისი კაპიტალის“ უფროსმა ასოცირებულმა მკვლევარმა აღნიშნა, აქ თვიურ ჭრილში კლება, წლიურად კი ზრდა ფიქსირდება. კერძოდ, "თიბისი კაპიტალი" უძრავი ქონების ბაზრის ყოველთვიურ მიმოხილვაში წერს, რომ 2024 წლის იანვარში თბილისში 2,967 ბინა გაიყიდა, რაც წინა თვესთან, ანუ დეკემბერთან შედარებით 19 პროცენტით შემცირებული მაჩვენებელია. თუმცა, წლიურ ჭრილში ტრანზაქციების 5%-იანი ზრდა შეინიშნება.

„2024 წლის იანვარში 638 ახალი ბინა გაიყიდა, რაც წინა თვესთან შედარებით 4%-იანი კლებაა. თვიურ ჭრილში კლებაა ძველი ბინების შემთხვევაშიც. კერძოდ, იანვარში გაყიდვების რაოდენობამ 2,329 შეადგინა და წინა თვესთან შედარებით 23%-ით შემცირდა. 2024 წლის იანვარშიც, გასული თვეების მსგავსად, ყველაზე მეტი ბინა დიდ დიღომში გაიყიდა. აღნიშნულ უბანს მთლიან გაყიდვებში 25%-იანი წილი უკავია, რიგით მეორე ადგილზე კი საბურთალოა, 15%-იანი წილით“, - განუცხადა „ბიზნესპარტნიორს“ სალომე დეისაძემ.

ის ფიქრობს, რომ მიუხედავად იანვრის თვის შემცირებული მაჩვენებლებისა, მიმდინარე წელს უძრავ ქონებაზე სტაბილური მოთხოვნა შენარჩუნდება და წლიურ ჭრილში კვლავ ზრდის მაჩვენებლები დაფიქსირდება, თუმცა, ეს ზრდა არ იქნება ისეთი მაღალი, როგორიც 2022 წელს იყო, მიგრანტების შემოდინების გამო.

დარგში ამბობენ, რომ მიგრაციული ეფექტი უკვე ამოწურულია, ხელოვნურად გაზრდილი მოთხოვნაც შემცირებულია და ახლა ბაზარი სტაბილურად ვითარდება. 

bp.ge