გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნინო თანდილაშვილი, მინისტრის მოადგილეები სოლომონ პავლიაშვილი და ზურაბ ეზუგბაია ბიზნესსექტორის, მათ შორის, ჰიპერმარკეტების ქსელების და სტუმარმასპინძლობის სექტორის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო სურსათთან შემხებლობაში მყოფი ერთჯერადი გამოყენების პლასტიკის მოხმარების რეგულირების ისეთი მოდელის შემუშავებას, რაც ჯანმრთელობის, გარემოს დაცვის საკითხებს და ეკონომიკურ ინტერესებს დააბალანსებს.

„გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო აქტიურად მუშაობს სურსათთან პირდაპირ შემხებლობაში მყოფი ერთჯერადი გამოყენების პლასტიკის მოხმარების რეგულირების საკითხებზე. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია სექტორთან კოორდინირებული თანამშრომლობა. გამართული შეხვედრების და განხილვების მიზანი არის ის, რომ სახელმწიფოს მიერ შემოღებული ნებისმიერი რეგულაცია, რომელიც მიმართულია სურსათის უვნებლობის და გარემოს დაცვის სტანდარტების გაუმჯობესებისკენ, იყოს, ერთი მხრივ, რეალურად აღსრულებადი და, მეორე მხრივ, გონივრული ვადები განვსაზღვროთ ახალი სტანდარტების დასანერგად. ვფიქრობ, ერთიანი ძალისხმევით შევძლებთ ისეთი მოდელის შემუშავებას, რაც ხელს შეუწყობს ჯანმრთელობის დაცვას, ეკოლოგიურ უსაფრთხოებას და კერძო სექტორის მდგრად განვითარებას“, - განაცხადა ნინო თანდილაშვილმა.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ახალ რეგულაციაზე გადასვლის ვადებზე.

აღსანიშნავია, რომ პლასტმასის ჭარბი მოხმარება დღეს ერთ-ერთ მნიშვნელოვან გარემოსდაცვით გამოწვევას წარმოადგენს. საქართველოში ჩატარებული კვლევის შედეგებით, ქვეყანა ყოველწლიურად დაახლოებით 612,5 მილიონ ერთეულ ერთჯერადი გამოყენების პლასტიკის ჭიქას, თავსახურს, საკვების კონტეინერს, დანას, ჩანგალს, კოვზს, ე.წ. „საწრუპს“, თეფშს და სასმლის მოსარევს მოიხმარს, რაც ჯამურად 3.9 - 5.9 ათას ტონა პლასტიკს შეადგენს.

სამინისტროში გამართულ შეხვედრას ბიზნესასოციაციის პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე და სამინისტროს შესაბამისი უწყების ხელმძღვანელი პირები და სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს