ბრალდება იმის შესახებ, რომ საქართველოს რკინიგზამ დაავიწროვა ელმავლების მწარმოებელი ქვეყნების წრე, ყოველგვარ საფუძველსაა მოკლებული. სიმართლეს არ შეესაბამება ასევე განცხადება იმის თაობაზე, თითქოს საქართველოს რკინიგზა ითხოვს რუსულ სერტიფიკატს“, - ამის შესახებ საქართველოს რკინიგზის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამია, სადაც ის საქართველოს რკინიგზის მიერ გამოცხადებულ ელმავლების ტენდერთან დაკავშირებით ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია ეხმაურება და აღნიშნავს, რომ გავრცელებული ინფორმაცია სინამდვილეს არ შეესაბამება.

იქვე ვკითხულობთ, რომ „საქართველოს რკინიგზა თანამეგობრობის ქვეყნების სარკინიგზო ტრანსპორტის საბჭოს წევრია. აღნიშნული საბჭო არ არის „დსთ,“ როგორც ეს განცხადებაშია მითითებული, არამედ წარმოადგენს სხვადასხვა ქვეყნების სარკინიგზო ადმინისტრაციების კოორდინაციის მიზნით შექმნილ საბჭოს, რომლის ასოცირებული წევრები საქართველოსთან ერთად, მათ შორის, არიან: ფინეთის, ესტონეთის, ლიეტუვის, ლატვიის რკინიგზები.

საქართველოს რკინიგზის მიერ გავრცელებულ განცხადებას სრულად გთავაზობთ:

„არასამთავრობო ორგანიზაცია ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია საქართველოს რკინიგზის მიერ გამოცხადებულ ელმავლების ტენდერთან დაკავშირებით არ შეესაბამება სინამდვილეს და მიმართულია კომპანიის დისკრედიტაციისა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანისკენ.

საქართველოს რკინიგზამ 10 ელმავლის შესყიდვაზე ტენდერი 4 ნოემბერს გამოაცხადა, რომლის ღირებულება დაახლოებით 184 მლნ ლარია. კომპანია ელმავლების შესყიდვას მარაბდა-კარწახის მონაკვეთზე ოპერირებისთვის გეგმავს. სამშენებლო სამუშაოების ზემოაღნიშნულ მონაკვეთზე დასრულება უახლოეს მომავალში იგეგმება და საქართველოს რკინიგზა ბაქო-თბილისი-ყარსის მიმართულებით სატვირთო გადაზიდვებს განახლებული სალოკომოტივო პარკით განახორციელებს. ჯანსაღი კონკურენციის ხელშეწყობისა და შესყიდვის მონაწილეთა მიმართ არადისკრიმინაციული და თანასწორი მიდგომის უზრუნველყოფის მიზნით, სატენდერო პროცედურების ჩატარებამდე კომპანიამ ბაზრის კვლევა განახორციელა ისეთ ევროპულ, უმსხვილეს, რეპუტაციულ კომპანიებთან როგორებიცაა: შკოდა, სიმენსი, ალსტომი. ტენდერის გამოცხადების შესახებ წერილები გაიგზავნა საქართველოში მოქმედ ევროპის ქვეყნების, ამერიკის შეერთებული შტატებისა და ჩინეთის საელჩოებში.

განვმარტავთ, რომ განცხადებაში ციტირებული საბაჟო კავშირის ტექნიკური რეგლამენტი (ТР ТС) ეხება 1520 მმ რელსზე მოძრავ სარკინიგზო შემადგენლობის უსაფრთხოების ნორმებს და აღნიშნულ რეგლამენტთან შესაბამისობის დამადასტურებელი პროცედურის გავლისა და სერტიფიკატის მიღება შეუძლიათ, მათ შორის იმ ქვეყნების მწარმოებლებსაც, რომლებიც არ არიან გაერთიანებული აღნიშნულ საბაჟო კავშირში. გამომდინარე აქედან, ის ფაქტი, რომ საბაჟო კავშირის შემადგენლობაში არ შედის ესა თუ ის ქვეყანა, არ ზღუდავს აღნიშნული ქვეყნის მწარმოებლებს მიმართონ ზემოთ ნახსენებ ორგანოს რეგლამენტთან შესაბამისობის დადგენის მიზნით და ამდენად, ბრალდება იმის შესახებ, რომ საქართველოს რკინიგზამ დაავიწროვა ელმავლების მწარმოებელი ქვეყნების წრე, ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია.

სიმართლეს არ შეესაბამება ასევე განცხადება იმის თაობაზე, თითქოს საქართველოს რკინიგზა ითხოვს რუსულ სერტიფიკატს. ამასთან დაკავშირებით განვმარტავთ, რომ საქართველოს რკინიგზა თანამეგობრობის ქვეყნების სარკინიგზო ტრანსპორტის საბჭოს წევრია. აღნიშნული საბჭო არ არის “დსთ,“ როგორც ეს განცხადებაშია მითითებული, არამედ წარმოადგენს სხვადასხვა ქვეყნების სარკინიგზო ადმინისტრაციების კოორდინაციის მიზნით შექმნილ საბჭოს, რომლის ასოცირებული წევრები საქართველოსთან ერთად, მათ შორის, არიან: ფინეთის, ესტონეთის, ლიეტუვის, ლატვიის რკინიგზები. ამავე საბჭოს რეგლამენტებით მოთხოვნილია მთელი რიგი სარკინიგზო პროდუქციის (მათ შორის, ელმავლების) სავალდებულო სერტიფიცირება უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე. აღნიშნული შესაბამისობის სერტიფიკატის გაცემის უფლებამოსილება გააჩნიათ მხოლოდ იმ აკრედიტებულ ორგანოებს, რომელთა ჩამონათვალიც დამტკიცებულია ამავე საბჭოს მიერ. აღნიშნულ ნუსხაშიც კი რეგისტრირებული არიან სხვადასხვა ქვეყნის აკრედიტებული ორგანოები და ამდენად, არ არსებობს არანაირი ნორმა, რომელიც შეზღუდავს ამა თუ იმ ქვეყნის მწარმოებელ კომპანიას მიმართოს ხსენებულ აკრედიტირებულ ორგანოებს და აიღოს შესაბამისობის სერტიფიკატი.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს რკინიგზის მიერ ელექტრონული ტენდერი გამოცხადებულია მოქმედი კანონმდებლობის სრული დაცვით და მოვუწოდებთ ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს," თავი შეიკავოს მცდარი, საზოგადოების შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის გავრცელებისგან, რომელიც ლახავს კომპანიის იმიჯსა და რეპუტაციას“, - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.