„შუახევის ჰესების“ კასკადმა 2023 წელს ელექტროენერგიის გამომუშავების ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია. 31 დეკემბრის მონაცემებით გამომუშავებული ელექტროენერგიის ჯამურმა მაჩვენებელმა 508 მლნ. კვტ/სთ შეადგინა.
აღსანიშნავია, რომ 2020 წლის შემდეგ ელექტროენერგიის გამომუშავების მაჩვენებელი თითქმის გაორმაგდა.

კომპანია „აჭარისწყალი ჯორჯიას“ მიერ აშენებული 187 მგვტ სიმძლავრის შუახევის ჰესების კასკადი, ქართულ ენერგოსექტორში დღემდე ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ საინვესტიციო პროექტს წარმოადგენს, რომლის ჯამური ინვესტიცია 550 მილიონი დოლარია. პროექტის ინვესტორებს ნორვეგიული Clean Energy Invest და ინდური Tata Power წარმოადგენენ. დადგმული სიმძლავრით შუახევი ჰესი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში აშენებული ყველაზე დიდი ენერგო ობიექტია.
187 მგვტ სიმძლავრის შუახევის ჰესების კასკადი 178 მგვტ შუახევი ჰესისა და 9 მგვტ სხალთა ჰესისგან შედგება. ჰესის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის ოდენობა კი, საქართველოს შიდა გენერაციის დაახლოებით 5%-ს შეადგენს. შუახევი ჰესი ერთადერთი პროექტია საქართველოს ენერგო სექტორში, რომლის მშენებლობა ერთდროულად სამი უმსხვილესი ფინანსური ინსტიტუტის: ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის, აზიის განვითარების ბანკისა და მსოფლიო ბანკის ჯგუფის წევრი, საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია IFC-იის მიერ დაფინანსდა.