შიდა ბაზარზე ნატურალური თაფლის ფასი ბოლო პერიოდში დაახლოებით 15-20%-ით გაიზარდა. ამის შესახებ BM.GE-სთან ინტერვიუში მეფუტკრეთა გაერთიანების ხელმძღვანელმა ალეკო პაპავამ ისაუბრა.

პაპავას თქმით, ფასების ზრდის ერთ-ერთი მიზეზი 2024 წლის გაზაფხულზე საქართველოში შემოსული დაავადება – ტროპილელაფსოზია, რომელიც ფუტკრის ოჯახებს აზიანებს: „თავიდან არ ვიცოდით ამ დაავადების შესახებ და ვფიქრობდით, რომ დანაკარგები ძალიან მაღალი იქნებოდა, თუმცა შევძელით მისი მართვა და დანაკარგები ჩვეულებრივი 15-20%-ის შუალედშია, რაც ყოველწლიურად ბუნებრივადაც არის".

მისი შეფასებით, ფასების დინამიკა ასევე განპირობებულია შიდა მოთხოვნის ზრდით. პაპავას თქმით, თაფლის მოხმარების კულტურა საქართველოში ნელ-ნელა ძლიერდება, ხოლო საახალწლოდ და დღესასწაულებზე ბაზარზე დეფიციტიც ხდება.

„ფასებმა მოიმატა შიდა ბაზარზე. ზრდა დაახლოებით 10-15%-ით მაინც არის. ეს განაპირობა ბაზარზე დეფიციტმაც, იქიდან გამომდინარეც, რომ თაფლის მოხმარების კულტურა ნელ-ნელა იზრდება“, – განაცხადა პაპავამ.

რაც შეეხება ექსპორტს და საექსპორტო ფასს, მეფუტკრეთა გაერთიანების ხელმძღვანელის ინფორმაციით, 2025 წელს საქართველოდან 40 ტონაზე მეტი თაფლი გავიდა, საექსპორტო ფასებში კი, დიდი ცვლილებები არ ფიქსირდება.

„საექსპორტო მიმართულებით ფასები თითქმის უცვლელია. ორიენტირებულები ვართ იმაზე, რომ საბითუმოდ გავიდეს დიდი პარტიები – 20-30 ტონა და ა.შ. წინა წელთან შედარებით, მაინც მაღალია ფასი, მაგრამ დიდი განსხვავებული არ არის. აქ ფასზე მოქმედებს ის ფაქტორიც, რომ უცხოეთიდანაც შემოდის თაფლი, იქ წარმოების დონე მაღალია და შედარებით იაფფასიან თაფლზე კეთდება აქცენტები. თუმცა, ჩვენი თაფლი არის მაღალი ხარისხის და ამით ხდება სხვა თაფლების „გაკეთილშობილება“,- თქვა მან.

საქართველოში თაფლის იმპორტიც ხდება, ალეკო პაპავას შეფასებით, გასულ წელს, იმპორტის მოცულობა არ იყო საგანგაშო. შესაბამისად, მისი თქმით, იმპორტირებული თაფლი კონკურენციაში არ შედის ადგილობრივთან.

საქსტატის მონაცემებით, 2025 წლის 11 თვეში ნატურალური თაფლის ექსპორტი გაიზარდა. გასული წლის იანვარ-ნოემბერში, საქართველოდან ნატურალური თაფლის ექსპორტმა $279 ათასს მიაღწია, ხოლო მოცულობამ 45 ტონა შეადგინა. 2024 წლის ანალოგიურ საანგარიშო პერიოდის მონაცემებზე ($227 ათასი, 24 ტონა) დაყრდნობით, საერთაშორისო გაყიდვებიდან მიღებული შემოსავლები 22.9%-ით გაიზარდა, ხოლო მოცულობითი ზრდა 87.5%-ია. 2025 წელს, საქართველოსთვის თაფლის მთავარი სავაჭრო ბაზარი საფრანგეთი იყო, სადაც ქვეყანამ 21 ტონა თაფლის რეალიზაციიდან $139 ათასის შემოსავალი მიიღო.

რაც შეეხება იმპორტს, 2025 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოში ნატურალური თაფლის იმპორტმა $30 ათასს მიაღწია, ხოლო თაფლის მოცულობამ 3.6 ტონა შეადგინა. სტატისტიკის მიხედვით, 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ნატურალური თაფლის იმპორტი საქართველოში 15.3%-ით გაიზარდა. საქართველოსთვის მთავარი საიმპორტო ბაზარი გასული წლის 11 თვეში საფრანგეთი იყო, საიდანაც ქვეყანამ $15 ათასის თაფლი შეიძინა.

bm.ge