პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ამტკიცებს, რომ ქვეყანაში ეკონომიკური ვარდნა არ იქნება და პირიქით, გვექნება ძალიან სტაბილური ეკონომიკური განვითარება.
ჟურნალისტებთან მან გასული წლების ეკონომიკური ზრდით მოიწონა თავი და მთავრობის 4-წლიან გეგმაზეც ისაუბრა.
"ბოლო 4 წლის განმავლობაში ჩვენმა საშუალო ეკონომიკურმა ზრდამ შეადგინა თითქმის 10% და შარშანდელი წელიც დავხურეთ 9.5 %-ით, რაც არის ძალიან მაღალი მიღწევა, პირველ ადგილზე ვართ არამარტო რეგიონში, არამედ ევროპის მასშტაბით ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლით. რა თქმა უნდა, ასეთი იქნება 2025 წელიც, თუმცა კეთდება აბსურდული განცხადებები ამ უცხოური აგენტების მხრიდან ხაზარაძე, გილაური და სხვები, რომლებიც ამბობენ, რომ თითქოს ეკონომიკური ვარდნაც კი ემუქრება 2025 წელს ჩვენს ქვეყანას. ეს ყველაფერი თან ხდება რის ფონზე - ჩვენ გვქონდა არაერთი ვიზიტი და ყველა ვიზიტის ფარგლებში იყო საუბარი ინვესტიციებზე. ყველაზე მსხვილი ინვესტიცია უკავშირდება არაბთა გაერთიანებულ საამიროებს, EMAAR ჯგუფს, 6 მლრდ დოლარის ინვესტიცია ჩაიდება შემდეგი 5 წლის განმავლობაში მხოლოდ ამ ერთი კომპანიის მხრიდან. ასევე გვქონდა ძალიან საინტერესო საუბრები სხვა ქვეყნებში ინვესტიციებთან დაკავშირებით. მთლიანობაში, ჩვენ გადაჭარბებით შევასრულებთ იმ 4-წლიან გეგმას, რომელიც წარვადგინეთ წინასაარჩევნოდ საზოგადოების წინაშე. ჩვენ გვქონდა 4 წელიწადში 9 მლრდ დოლარის ინვესტიციის მოზიდვა დაგეგმილი მთლიანობაში, თუმცა ვფიქრობთ, რომ ამ გეგმას სერიოზულად გადავაჭარბებთ. ამის გარანტიას იძლევა ის მიმდინარე პროექტები, რომლებიც უკვე არის დაანონსებული.
ამ ფონზე, რა თქმა უნდა, გასაკვირი არ არის ის სუვერენული რეიტინგები, რომელიც ქვეყნდება. ჩვენ სტაბილურად ვაგრძელებთ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას და წლევანდელი წელიც იქნება ძალიან წარმატებული ეკონომიკური თვალსაზრისით. ეს სჭირდება ჩვენს ქვეყანას. ამ ფონზე თქვენ ხედავთ, რომ იგივე რადიკალური ოპოზიცია, უცხოური აგენტები საუბრობენ იმაზე, რომ ქვეყანას თითქოს ემუქრება ეკონომიკური ვარდნა, ამას ვერ ეღირსება რადიკალური ოპოზიცია, ისინი ხედავენ საკუთარ პოლიტიკურ შანსებს ასეთ პერსპექტივაში, თუმცა თავადაც იციან, რომ არავითარი ეკონომიკური ვარდნა არ გვექნება, პირიქით, გვექნება ძალიან სტაბილური ეკონომიკური განვითარება, შევინარჩუნებთ მყარად ლარის კურსს, იქნება მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპი, ეს სჭირდება ჩვენს ქვეყანას, ჩვენს საზოგადოებას, რაც სჭირდება რადიკალურ ოპოზიციას, იმას ვერ ეღირსებიან. ზოგადად ხედავთ, რომ რადიკალური ოპოზიცია, სხვადასხვა რჯულის ნაცები ემუქრებოდნენ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს კონკრეტული სიმღერებით, სინამდვილეში თვითონ მიიღეს ის, რითაც ემუქრებოდნენ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს და, რა თქმა უნდა, ეს ასე გაგრძელდება. არ შეიძლება „ნაცებმა“ მიაღწიონ რაიმე წარმატებას რაიმე სფეროში,“- განაცხადა კობახიძემ.