„საქართველო-სერბეთის ვაჭრობისა და ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი სამთავრობო კომისიის ფარგლებში სიღრმისეულად განვიხილეთ ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების პრიორიტეტული სფეროები და მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივები“, - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა კომისიის სხდომის დასრულების შემდგომ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომელიც  მარიამ ქვრივიშვილმა  მთავრობათაშორისი კომისიის თანათავმჯდომარე, სერბეთის რესპუბლიკის შიდა და საგარეო ვაჭრობის მინისტრ იაგოდა ლაზარევიჩთან ერთად გამართა.

 

მარიამ ქვრივიშვილის ინფორმაციით, კომისიის სხდომის მიმდინარეობისას დისკუსია ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების პრიორიტეტული სფეროების და მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივების ირგვლივ წარიმართა და  ისეთი საკვანძო სექტორები მოიცვა, როგორიცაა - ვაჭრობა, ეკონომიკა და ინვესტიციები, ტრანსპორტი და ლოგისტიკა, სამოქალაქო ავიაცია, ენერგეტიკა, ტურიზმი, ასევე ინოვაციები და ტექნოლოგიები.

 

ამასთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ხაზი გავუსვა საქართველოსა და სერბეთის რესპუბლიკას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაზე (FTA) მოლაპარაკებების დაწყების თაობაზე ერთობლივი განცხადების ხელმოწერის მნიშვნელობას.

 

„საქართველო მზადაა, გადადგას აუცილებელი მოსამზადებელი ნაბიჯები და წინ წაწიოს პროცესი სერბ კოლეგებთან მჭიდრო პარტნიორობით. თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებები 2026 წლის პირველ ნახევარში დაიწყება. შევთანხმდით, რომ ამ პროცესის დაჩქარება პრიორიტეტია და მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ორმხრივი სავაჭრო და საინვესტიციო ურთიერთობების გაძლიერებაში“, - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

 

როგორც მარიამ ქვრივიშვილმა მედიასთან შეხვედრისას აღნიშნა, კომისიის სხდომის ფორმატში სერბ კოლეგას გააცნო საქართველოს მთავრობის ხედვა ქვეყნის სატრანსპორტო და ლოგისტიკური შესაძლებლობების შემდგომი განვითარების შესახებ, ასევე განახლებული ინფორმაცია მიაწოდა საქართველოში მიმდინარე მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ.

 

„ჩვენ ასევე მივესალმებით სერბეთის რესპუბლიკის გადაწყვეტილებას თბილისში მუდმივმოქმედი საელჩოს გახსნის შესახებ, რაც მნიშვნელოვანი ინსტიტუციური პლატფორმა იქნება ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი გაძლიერებისა და გაღრმავებისთვის. მომავალში სერბ პარტნიორებთან კიდევ უფრო მჭიდრო თანამშრომლობას ველით და, ასევე, კონკრეტული შედეგების მიღწევას ყველა პრიორიტეტულ სფეროში“, - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.