საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართვის საფუძველზე საჯარო სხდომაზე იმსჯელა შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მფლობელობაში არსებული ქ. რუსთავის წყალმომარაგების სისტემებში გამოვლენილი დარღვევების შესახებ. მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 50 000 ლარით დაჯარიმდა, ამასთანავე გამოვლენილი დარღვევების აღმოსაფხვრელად კომპანიას შესაბამისი ვადები განესაზღვრა.

კერძოდ, შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს“ დაევალა 2026 წლის 28 თებერვლამდე ქ. რუსთავის წყალმომარაგების სისტემების და ქ. რუსთავის წყალმომარაგების სისტემების ელექტრომომარაგების საქართველოში მოქმედ ტექნიკურ სტანდარტებთან შესაბამისობის მიზნებისთვის გასატარებელი ღონისძიებების დეტალური პროექტების (ვარგისი ინფრასტრუქტურის გათვალისწინებით) მომზადება და პროექტებით განსაზღვრული სამუშაოების შესრულების გეგმა-გრაფიკის სემეკში წარდგენა.

კომისიის გადაწყვეტილებით, შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ მიმდინარე წლის 30 ნოემბრამდე სემეკში უნდა წარადგინოს  ქ. რუსთავის მერიასთან შეთანხმებული 2026 წელს განსახორციელებელ საინვესტიციო პროექტებთან დაკავშირებული დეტალური ინფორმაცია.