პარლამენტმა მესამე მოსმენით, 83 ხმით ერთხმად, „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში ცვლილებას მხარი დაუჭირა, რაც იმას ნიშნავს, რომ სავალდებულო საპენსიო დანაზოგები დაბალრისკიან პორტფელებში 2028 წლის იანვრამდე დარჩება, თუმცა მოქალაქეებს დანაზოგის საშუალო ან მაღალრისკიან პორტფელში გადატანა მხოლოდ ინდივიდუალური გადაწყვეტილებით შეეძლებათ.
კანონი ასევე დაარეგულირებს საპენსიო ასაკში პენსიის დანიშვნისა და გაცემის, აგრეთვე, საქართველოს სამუდამოდ დატოვებისას საპენსიო აქტივების მიღების საკითხებს.
შეგახსენებთ, 6 აგვისტოდან მოსახლეობის დანაზოგები ასაკის მიხედვით ავტომატურად გადანაწილდა სხვადასხვა რისკიანობის საინვესტიციო პორტფელში. კერძოდ, 40 წლამდე პირების დანაზოგები მაღალრისკიანში მოხვდა, 40-დან 50 წლამდე მოქალაქეების საშუალორისკიან პორტფელში, ხოლო 50-ს ზემოთ პირების თანხები დაბალრისკიანში გადანაწილდა. სურვილის შემთხვევაში, მოქალაქეებს უფლება ჰქონდათ, ერთი თვის განმავლობაში პორტფელები შეეცვალათ.