ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე საუდის არაბეთის ინვესტიციების მინისტრის მოადგილეს ფარი ალ გარნის შეხვდა.

 

შეხვედრაზე, რომელიც საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადში გაიმართა, განხილულ იქნა

ორი ქვეყნის ეკონომიკური ურთიერთობის პრიორიტეტული მიმართულებები, მათ შორის, ყურადღება გამახვილდა  თანამშრომლობაზე ინვესტიციების სფეროში. მხარეებმა განიხილეს ორმხრივი საინვეტიციო შესაძლებლობების განვითარებისა და შესაბამისი შეთანხმების გაფორმების მიმართულებით მუშაობის დაწყების საკითხები.

 

„ინვესტიციების მინისტრის მოადგილესთან შევთანხმდით მემორანდუმის გაფორმებაზე ინვესტიციების სფეროში თანამშრომლობის შეთანხმებაზე მოლაპარაკების დაწყებასთან დაკავშირებით. საუდის არაბეთი მნიშვნელოვანი ეკონომიკური პარტნიორია და მივესალმებით მასთან თანამშრომლობის გაღრმავებას. ბოლო წლებში საქართველოში საუდის არაბეთიდან განხორციელებული ინვესტიციების მოცულობა მზარდია - 2024 წელს ის 263 პროცენტით, 2025 წლის 6 თვეში კი 70 პროცენტით გაიზარდა. ორმხრივი საინვესტიციო შეთანხმების გაფორმების შემდეგ ველოდებით უფრო მეტ ინვესტიციას საუდის არაბეთიდან,“ - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ.

 

ვიზიტის ფარგლებში, გენადი არველაძე ასევე შეხვდა საუდის არაბეთის საგარეო ვაჭრობის გენერალური ორგანოს (GAFT) მმართველს მოჰამედ აბრულ ალ-აბდულჯაბარს. შეხვედრაზე განიხილეს ექსპორტის ხელშეწყობის მექანიზმები, შეთანხმდნენ ორმხრივი სავაჭრო მისიების, ბიზნეს ფორუმების ორგანიზების შესაძლებლობებზე და ბიზნესის ხელშეწყობის კუთხით სხვადასხვა გასატარებელ ღონისძიებებზე. 

 

შეხვედრებს დაესწრნენ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ზვიად ბარქაია, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი და საქართველოს ელჩი საუდის არაბეთში ნიკოლოზ რევაზიშვილი.