საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებაზე I მოსმენით, დაჩქარებული წესით იმსჯელა.


კანონპროექტის ერთ-ერთი ინიციატორის, პარლამენტის წევრის ლევან მაჭავარიანისგანმარტებით, ცვლილების მიღების შემთხვევაში, სახელმწიფო ორგანოები ან/და სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოები, სადაც სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობა 50%-ს აღემატება, შეძლებენ საინვესტიციო ფონდებში წილობრივად მონაწილეობდნენ 25%-ის ნაცვლად 40%-ით.


მომხსენებლის შეფასებით, აღნიშნული გამოიწვევს საინვესტიციო ფონდების ბაზრის მეტად სტიმულირებას, რამდენადაც დღეს მოთხოვნა სახელმწიფოს მონაწილეობაზე უფრო დიდია, ვიდრე ეს კანონით არის დაშვებული.


კანონპროექტის თანახმად, ყოველ წელს საქართველოს მთავრობის მიერ მომზადდება ანგარიში, სადაც აისახება საინვესტიციო ფონდებში მონაწილეობის პირობების შესაბამისი ინფორმაცია.


​ლევან მაჭავარიანის თქმით, აღნიშნული ცვლილება მეტ შესაძლებლობას მისცემს სხვა ინვესტორებს და საინვესტიციო ფონდის მმართველებს მონაწილეობა მიიღონ ფონდებში და დააფუძნონ შესაბამისი ფონდები, რადგან აქამდე არსებული კანონის მოთხოვნები ანგარიშგებასთან დაკავშირებით ვერ იქნებოდა მორგებული ყველა ტიპის საინვესტიციო ფონდზე, მათ შორის, ისეთ საინვესტიციო ფონდებზე, რომელთა საინვესტიციო პოლიტიკა კერძო შეთავაზების ფარგლებში არის დამტკიცებული.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.