ქვეყანაში საშუალო ხელფასის გამოთვლის მექანიზმს ეკონომისტთა ნაწილი აკრიტიკებს. მათი შეფასებით დასახელებული რიცხვი რეალობას არ შეესაბამება. ეკონომისტი ნიკა შენგელია ,,კომერსანტთან“ განმარტავს, რომ საშუალო ხელფასის გამოთვლის დროს ისეთ მონაცემებს იღებენ, სადაც დასაქმებულებს მაღალი ანაზღაურება აქვთ. მისი განმარტებით, დღეს ქვეყანაში მაღალ ხელფასს საჯარო და საბანკო სექტორებში მომუშავე ადამიანები იღებენ.
,,საშუალო ხელფასი არის თვალებში ნაცრის შეყრა. ისე ითვლიან ვითომ კარგად არის სიტუაცია. აიღებენ 10 კომპანიიდან 8 საუკეთესოს, სადაც მაღალია ანაზღაურება და თანამშრომლებს დიდი ხელფასი აქვთ. ეს არის საბანკო სისტემა, კავშირგაბმულობის სისტემები და იქ დასაქმებულ ხალხს მაღალი ხელფასები აქვთ. შემდეგ იღებენ 1-2 კომპანიას, სადაც 1000 ლარამდე აქვს ხალხს ხელფასი და გამოჰყავთ საშუალო არითმეტიკული. მაგალითად, სამი ადამიანიდან ერთი კონსულტანტად მუშაობდეს სუპერ მარკეტში და თვეში ხელფასი 600 ლარი აქვს, დანარჩენ ორს 3 000 და 3 500 ლარი. აქედან საშუალო ხელფასი რა გამოგვივა? 2000 ლარს გადააჭარბებს. ასე ითვლიან ეგენი საშუალო ხელფასს და ნაცარს აყრიან მოსახლეობას.’’- აცხადებს ნიკა შენგელია.
ეკონომისტის განცხადებით, საქართველოში მაღალი ანაზღაურება მხოლოდ დასაქმებულთა 10%-ს აქვს. ნიკა შენგელიას განმარტებით, საშუალო ხელფასის ოფიციალური მონაცემი სწორედ მათი ანაზღაურების გათვალისწინებით დგინდება, რაც არასწორ და გაზრდილ რიცხვს გვაძლევს.
,,სხვა ქვეყნებში, ევროპულ ქვეყნებში მინიმუმი ხელფასი დაახლოებით არის 2500 ევროდან და ადის 7000 ევრომდე. მოსახლეობის უმეტესობას აქვს ასეთი ხელფასი. ჩვენთან მოსახლეობის 10%-ს აქვს მაღალი ანაზღაურება. საჯარო სექტორში დასაქმებულ ადამიანებსაც მაღალი ხელფასი აქვთ. ბანკის სამეთვალყურეო თავმჯდომარეებს თვეში 350 000 და 400 000 ლარი აქვთ ხელფასი. ერთ კაცს აქვს იმდენი ანაზღაურება, რომ მთელს რაიონში არ ექნება დასაქმებულ ადამიანებს ერთად აღებული. ასეთი მანიპულაცია საშუალო ხელფასის გამოთვლისას უფრო ადვილი ჩასატარებელია და მანიპულირებენ ამით. გაზრდილი ხელფასების ხარჯზე გამოჰყავთ საშუალო ხელფასი და ამბობენ, რომ არის ამდენი.’’- აცხადებს ნიკა შენგელია.