საქართველოში ჩინეთის ჯამური ინვესტიცია 800 აშშ დოლარს აღემატება - ამის შესახებ ჩინეთის ელჩმა ჭოი ციენმა პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ განაცხადა. მისი თქმით, ჩინეთს სურვილი აქვს, საქართველოსთან თანამშრომლობა გააძლიეროს რკინიგზის, პორტების, მაგისტრალებისა და სხვა სფეროებში.
„საქართველო გახსნილობის მაღალი ხარისხითა და კარგი ბიზნესგარემოთი ერთ-ერთი ცხელი წერტილია უცხოური ინვესტიციებისთვის. ჩინეთისთვისაც პერსპექტიულია საქართველოში ინვესტირება. საქართველოში ჯამური ინვესტიცია 800 აშშ დოლარს აღემატება. ჩინეთი უდავოდ მსოფლიოში ნომერ პირველია ინფრასტრუქტურის მშენებლობის სფეროში. მას სურვილი აქვს, საქართველოსთან თანამშრომლობა გააძლიეროს რკინიგზის, პორტების, მაგისტრალებისა და სხვა სფეროებში, აქტიური მონაწილეობა მიიღოს საქართველოს ურბანული ინფრასტრუქტურის განახლებასა და გაუმჯობესებაში. ბევრი ჩინური კომპანია აწარმოებს მოლაპარაკებებს ქართულ მხარესთან ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის თაობაზეც, რაც მოსალოდნელია, რომ უფრო გაზრდის საქართველოს ენერგეტიკულ უსაფრთხოებასა და სტაბილურობას. ამავდროულად, ჩინეთსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის მრავალი შესაძლებლობა არსებობს ისეთ სფეროებში, როგორიცაა ტრანსსასაზღვრო ვაჭრობა, ელექტრონული კომერცია, ლოგისტიკა და ტრანსპორტირება, ენერგეტიკული და ციფრული ჰაბების შექმნა, ალტერნატიულ ენერგიაზე მომუშავე და მეორადი ავტომობილები და სხვა. ჩვენ ვესალმებით და მხარს ვუჭერთ მეტი ჩინური კომპანიის საქართველოში ჩამოსვლას, ინვესტიციებს და მეტი ჩინური გამოცდილების გაზიარებას საქართველოსთან. რა თქმა უნდა, ანაკლიის პორტიც ძალიან მნიშვნელოვანია, დიდ როლს ითამაშებს შუა დერეფნის განვითარებაში და ასევე იგრძნობა შუა დერეფნის გასწვრივ მდებარე ქვეყნების მხარდაჭერაც ამ პროექტისადმი. იმედი მაქვს, გარდა ანაკლიის პორტისა, საქართველო-ჩინეთს შორის თანამშრომლობა გაძლიერდება სხვადასხვა სფეროში, როგორიცაა რკინიგზა, მაგისტრალი და ასე შემდეგ“, – განაცხადა ჩინეთის ელჩმა.