საქართველოს რკინიგზის ხელმძღვანელობამ და ბულგარეთის რკინიგზის BDZ-ის და სანაოსნო კომპანია P.N.A LTD-ის წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას, რომლის მიხედვითაც, საქართველოსა და ბულგარეთს შორის საბორნე მიმოსვლა უახლოეს მომავალში აღდგება. საქართველოს რკინიგზის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, საბორნე მიმოსვლის აღსადგენად, მოსამზადებელი სამუშაოები წლის დასაწყისიდან მიმდინარეობს. მხარეებმა,  სარკინიგზო ბორნის გამართული ფუნქციონირების აღსადგენად, ურთიერთთანამშრომლობის ყველა პირობა შეათანხმეს. საბორნე/სარკინიგზო მიმოსვლა ბოლო ორი წელია შეჩერებულია.

საქართველოს რკინიგზის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ საქართველოსა და ბულგარეთის პორტებს შორის სარკინიგზო/საბორნე მიმოსვლა, შავი ზღვის გავლით, ტვირთების გადაზიდვების ლოგისტიკაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. მისი საშუალებით საქართველო და ბულგარეთი, უწყვეტად განახორციელებს ტვირთების საერთაშორისო ტრანსპორტირებას, სპეციალურად აღჭურვილი სარკინიგზო ბორნების მეშვეობით. აღნიშნული მიმოსვლა ერთი მხრივ, დამატებითი ტვირთნაკადების შემოდინებას უზრუნველყოფს, მეორე მხრივ კი, სასიცოცხლოდ  მნიშვნელოვანია შუა დერეფნის მარშრუტის ეფექტიანობის ამაღლების კუთხით, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.