ბოლო ორი წელია საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების (FDI) დინამიკა იკლებს. ქვეყანამ 2023 წელს FDI-ის სახით 1.9 მლრდ დოლარი მიიღო - 15.6%-ით ნაკლები, ვიდრე 2022 წელს. კლების დინამიკა გრძელდება 2024 წელსაც. წლის პირველ 9 თვეში FDI-ის მოცულობა (წინასწარი მონაცემები) გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 39.9%-ით არის შემცირებული. 

წლების განმავლობაში FDI-ში მაღალია ოფშორული ქვეყნების წილი, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ოფიციალურ სტატისტიკაში ასახული უცხოური ინვესტიცია, შესაძლოა ისევ ქართულ კაპიტალს წარმოადგენდეს. ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული იურიდიული პირის საქმიანობა საქართველოში, ისევე როგორც მსოფლიოს ქვეყნებში, დაშვებულია და წინააღმდეგობაში არ მოდის კანონმდებლობასთან. ამ გზით ბიზნესები გადასახადების შემცირებას ახდენენ. თუმცა, შესაძლოა, ხშირად FDI-ის უკან ისევ საქართველოს მოქალაქეები იყვნენ, რომლებმაც ინვესტიცია ქვეყნიდან ჯერ გაიტანეს, შემდეგ კი უკან შემოიტანეს.  ამის მაგალითია მიმდინარე წლის უმსხვილესი ინვესტორი კომპანიების სიაც, - 10-დან, 4 კომპანიის საბოლოო მფლობელი ოფშორში რეგისტრირებული კომპანიაა.  

კომპანიები, რომლებშიც 2024 წლის 9 თვეში ყველაზე მეტი ინვესტიცია ჩაიდო (კომპანიები არ არის დალაგებული რეიტინგის მიხედვით;ინფორმაცია ინვესტორი კომპანიისა და ქვეყნის შესახებ მოწოდებულია საქსტატის მიერ; საბოლოო მფლობელის შესახებ კომპანიების ფინანსური ანგარიშგებიდან):

ბორჯომი

ინვესტორი ქვეყანა: ნიდერლანდები

ინვესტორი კომპანია: აიდიეს ბორჯომი ბევერიჯიზ კომპანი

საბოლოო მფლობელი: LLC IDS BORJOMI BEVERAGES CO.N.V - ნიდერლანდების ანტილის კუნძულები.

თბილისი ენერჯი

ინვესტორი ქვეყანა: მარშალის კუნძულები

ინვესტორი კომპანია: “ვოლთბეი”

საბოლოო მფლობელი: კომპანიის 100%-ის მფლობელი არის შპს „ვოლთბეი“ რომლის აქციების 50%-იანი წილის მფლობელი საქართველოს მოქალაქე ხვიჩა მაქაცარიაა. აქციების მეორე 50%-იანი წილის მფლობელი კომპანია Weco investment and Finance S.A.-ია, რომელიც ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზეა რეგისტრირებული. „Weco Investment and Finance S.A.“-ის 100%-ის მფლობელია შპს „HARRIMAN HOLDINGS“, რომელიც ასევე ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზეა რეგისტრირებული. ამ კომპანიის ბენეფიციარი მფლობელია ნასიბ ჰასანოვი, აზერბაიჯანის მოქალაქე.

სს ენერგო პრო ჯორჯია

ინვესტორი ქვეყანა: ჩეხეთი

ინვესტორი კომპანია: “ენერგო-პრო ეი.ეს”

საბოლოო მფლობელი: კომპანიის აქციების 100%-ს ფლობს „DK Holding Investments s.r.o.“. ამ უკანასკნელის აქციების 100%-ის მფლობელია იარომირ თესარი, რომელიც ამასთანავე კომპანიის საბოლოო მაკონტროლებელი პირია.

შპს ქართული ცემენტი (ყოფილი შპს ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია)

ინვესტორი ქვეყანა: ნიდერლანდები

ინვესტორი კომპანია: kaukasuscement holding BV

საბოლოო მფლობელი: CaucasusCement Holding B.V - კომპანიის უმსხვილესი მეწილე “ცემენტი ინვესტია”, რომელიც ბიძინა ივანიშვილის “თანაინვესტირების ფონდის” ირაკლი რუხაძის "ჰანიველ პარტნერსის" და ბიზნესმენ დავით ბეჟუაშვილის ოჯახის იტერესს წარმოადგენს.

ტოიოტა კავკასია

ინვესტორი ქვეყანა: იაპონია

ინვესტორი კომპანია: “ტოიოტა ცუშო კორპორეიშენი”

საბოლოო მფლობელი: Toyota Tsusho Corporation (100%)

შპს აჭარა ტექსტილე

ინვესტორი ქვეყანა: თურქეთი

ინვესტორი კომპანია: “ს.ს აბაი ულუსლარარასი თექსთილ თურიზმ ვე იათირიმ თიჯარეთ”

საბოლოო მფლობელი: კომპანიის 100%-ის მფლობელია ს.ს “აბაი ულუსლარარასი თექსთილ თურიზმ ვე იათირიმ თიჯარეთ”, რომლის აქციონერები არიან: ჯემალ ბილგინ გულლუოღლუ – 50%; ქემალ ბილგინ გულლუოღლუ – 50%.

სს ბიჯეო ჯგუფი

ინვესტორი ქვეყანა: გაერთიანებული სამეფო

ინვესტორი კომპანია: Bank of Georgi Group PLC

საბოლოო მფლობელი: „საქართველოს ბანკის ჯგუფი“ (Bank of Georgia Group plc).

სს ეპ ჯორჯია გენერაცია

ინვესტორი ქვეყანა: ჩეხეთი

ინვესტორი კომპანია: “ენერგო-პრო ეი.ეს”

საბოლოო მფლობელი: კომპანიის აქციების 100%-ს ფლობს „DK Holding Investments s.r.o.“. ამ უკანასკნელის აქციების 100%-ის მფლობელია იარომირ თესარი, რომელიც ამასთანავე კომპანიის საბოლოო მაკონტროლებელი პირია.

შპს სოკარ მიდსთრიმ ოპერეიშენს - საქართველოს ფილიალი

ინვესტორი ქვეყანა: აზერბაიჯანი

ინვესტორი კომპანია: “სოკარ მიდსთრიმ ოპერეიშენს”

საბოლოო მფლობელი: შპს სოკარ მიდსთრიმ ოპერეიშენს, აზერბაიჯანი.

მაგთი

ინვესტორი ქვეყანა: აშშ

ინვესტორი კომპანია: “ინტერნეიშენელ ტელსელ სელულარ/ტელსელ უაიერლეს კომპანი”

საბოლოო მფლობელი: შპს „მაგთიკომი“-ს მფლობელები არიან ,,International Telcell Cellular, LLC“, ამერიკის შეერთებულ შტატებში რეგისტრირებული კომპანია, რომელიც ფლობს კომპანიის 51%-ს და „Telcell Wireless, LLC“, ასევე ამერიკის შეერთებულ შტატებში რეგისტრირებული კომპანია, რომელიც კომპანიაში 49%-იანი წილის მფლობელია.