ფარმაცევტული კომპანია „ავერსის“ დამფუძნებელი, პაატა კურტანიძე, საქართველოს ჯანდაცვის სისტემის მთავარ გამოწვევად მოსახლეობის დამოკიდებულების შეცვლას ასახელებს - ამის შესახებ კურტანიძემ BMGtv-ის გადაცემაში "ჯანდაცვის სტანდარტი" ისაუბრა.
მისი თქმით, მთავარია დამოკიდებულების შეცვლა, რომ ადამიანი ავადმყოფობის შემთხვევაში ვინმემ უნდა დააფინანსოს. კურტანიძეს გამოსავლის გზად დაზღვევის მაჩვენებლის ზრდა და 100%-თან მიახლოება ესახება.
" საქართველოს ჯანდაცვის სისტემის მთავარი გამოწვევაა მოსახლეობის დამოკიდებულების სწორად შეცვლა. დღეს, ძალიან ცოტა მოქალაქეა, რომელიც ფიქრობს, რომ ჯანმრთელობა უნდა შეინარჩუნოს და ამას სჭირდება გარკვეული შრომა და გარკვეული ქმედება. საქართველოში, ადამიანების უმრავლესობა არ ფიქრობს იმაზე, რომ ავად გახდება და როცა ავად გახდება, ექნება თუ არა იმის საშუალება, რომ დროულად, წარმატებულად და შედეგიანად იმკურნალოს. ამაში ვგულისხმობ იმას, რომ როდესაც ადამიანი ავად ხდება, ყველა შემთხვევაში საჭიროა კვლევების დაფინანსება. ეს დაფინანსება, შეიძლება მოახდინოს სახელმწიფომ და საქართველოს სახელმწიფო მაქსიმუმს აკეთებს, ერთ-ერთი საუკეთესო მოდელია მსოფლიოში, ასევე ეს დაფინანსება შეიძლება იყოს სადაზღვევო კომპანიის მხრიდან, თავად მოქალაქის მხრიდან, საქველმოქმედო ფონდის მხრიდან, ან მეგობარების და ახლობლების დახმარება, მაგრამ ჩემი აზრით, მთავარია ის, რომ ადამიანი არ უნდა ფიქრობდეს იმაზე, რომ როცა ავად გავხდები, ეს მისი პრობლემა არ არის და ვიღაცებმა უნდა დააფინანსონ. ეს არ არის სწორი.
დღეს, საქართველოში მოსახლეობის ძალიან ცოტა პროცენტია დაზღვეული და ეს მაჩვენებელი რაც უფრო გაიზრდება და თუ 100%-ს მიუახლოვდა ეს მაჩვენებელი, საქართველოს მოსახლეობა იქნება მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე უზრუნველყოფილი ჯანდაცვის სერვისებით მსოფლიოში", - განაცხადა პაატა კურტანიძემ " ჯანდაცვის სტანდარტში".