„საქართველოს განვითარების ფონდი“ ყულევის ნავთობგადამმუშავებელ ქარხანას $5-მილიონიანი სესხით დააფინანსებს, - ამის შესახებ თავად ფონდში აცხადებენ.

მათივე ინფორმაციით, „საქართველოს განვითარების ფონდის“ თანამონაწილეობით, საქართველოში პირველი სრული ციკლის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა აშენდება. ეს არის ყველაზე მსხვილი კერძო საინვესტიციო პროექტი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში.

„მოხარული ვარ, რომ დღეს, ჩვენი პარტნიორობით, საფუძველი ჩაეყარა ისტორიული პროექტის დაწყებას. ნავთობგადამამუშავებელი საწარმოს არსებობა ქვეყნისთვის ენერგოუსაფრთხოებისა და ენერგოდამოუკიდებლობის ქვაკუთხედი გახდება. მაღალტექნოლოგიური წარმოება ფონდის ერთერთი მთავარი პრიორიტეტია. ქარხნის მშენებლობა ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას, სამუშაო ადგილების შექმნას. ამას გარდა, ვინაიდან წარმოებული ნედლეული გამოიყენება მრეწველობის სხვადასხვა სექტორში, მათ შორის სატრანსპორტო, სამშენებლო და სხვა მიმართულებებით, გაიზრდება ხელმისაწვდომობა  ინდუსტრიისთვის საჭირო რესურსებზეც. უმნიშვნელოვანესია, რომ ქარხანაში წარმოებული უმაღლესი ხარისხის პროდუქცია გავა ექსპორტზე, რაც ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას,“ - განაცხადა „საქართველოს განვითარების ფონდის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, დავით საგანელიძემ.

ქარხნის პროექტს "ბლექ სი პეტროლიუმი" ახორციელებს, რომელიც ბიზნესმენ მაკა ასათიანის მიერ დაფუძნებული კომპანიაა. მისი განცხადებით, 2025 წლის გაზაფხულზე ქარხანა პირველი პროდუქციის ექსპორტს დაიწყებს.

ქარხნის პირველი ფაზის საინვესტიციო მოცულობა 110 მილიონი დოლარია და ის ქართული კომერციული ბანკების სინდიცირებული (ერთობლივი) სესხით ფინანსდება, ამ დაფინანსებაში "საქართველოს განვითარების ფონდი" $5 მილიონის მოცულობით თანამონაწილეობს. პირველ ეტაპზე განხორციელებული ინვესტიციის შედეგად, საწარმო 1.2 მლნ ტონა ნედლ ნავთობს გადაამუშავებს წლის განმავლობაში. ქარხანა აღჭურვილი იქნება მაღალტექნოლოგიური დანადგარებით, რაც საერთაშორისო სტანდარტის საბოლოო პროდუქტების მიღებას განაპირობებს.

პროექტის მთლიანი საინვესტიციო მოცულობა 700 მილიონი დოლარია და უკვე 2026 წლისთვის დაგეგმილია რომ მისი წლიური წარმადობა წელიწადში 2.8 მილიონი ტონა ნავთობის გადამუშავება იქნება.

ყულევში ახალი ქარხნის პროექტის პრეზენტაცია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა და საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ წარადგინეს. ,,საქართველოს განვითარების ფონდის" მხრიდან ახალი ქარხნის პროექტის პრეზენტაციას საქართველოს განვითარების ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე დავით საგანელიძე, ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ბესიკ ბუგიანიშვილი და ფონდის საინვესტიციო დეპარტამენტის დირექტორი დიმიტრი ხორავა ესწრებოდნენ.