ევროკავშირში საქართველოს ექსპორტი მნიშვნელოვნად შემცირდა. „საქსტატის“ თანახმად, 2024 წლის პირველ 4 თვეში საქართველოდან ევროკავშირში 163 მილიონი დოლარის ღირებულების საქონელი გავიდა ექსპორტზე, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 126 მილიონი დოლარით ნაკლებია.

გასული წლის იანვარ-აპრილში ევროკავშირში უმსხვილესი საექსპორტო საქონელი სპილენძის მადნები იყო, 132 მილიონი დოლარის ოდენობით, წელს კი მხოლოდ 9.9 მილიონი დოლარის ღირებულების სპილენძის მადნების ექსპორტი განხორციელდა, რაც 93%-იან ვარდნას წარმოადგენს.

რაც შეეხება ევროკავშირში სხვა საქონლის ექსპორტს, გაზრდილია აზოტოვანი სასუქებისა და ღვინის ექსპორტი, თუმცა შემცირებულია ევროკავშირში ქართული თხილის ექსპორტი.

საქართველოს უმსხვილესი საექსპორტო საქონელი ევროკავშირში 2024 წლის იანვარ-აპრილში:

  • აზოტოვანი სასუქები - $21 მილიონი, ზრდა წინა წელთან 5%;
  • თხილი და კაკალი - $15 მილიონი, კლება წინა წელთან 21%;
  • ნავთობი (რეექსპორტი) - $10.5 მილიონი, წინა წელს ექსპორტი არ დაფიქსირებულა;
  • ღვინო - $10.2 მილიონი, ზრდა წინა წელთან 13%;
  • სპილენძის მადნები - $9.9 მილიონი, კლება წინა წელთან 93%.

ევროკავშირის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში წელს 9.3% შეადგინა, მაშინ როდესაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ის 14.7% იყო.