ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) უახლესი რეგიონული ეკონომიკური ანგარიშის (Regional Economic Prospects) მიხედვით, საქართველოში 2023 წლის დასაწყისში ორნიშნა ეკონომიკური ზრდის შენელება დაიწყო.
„აღსანიშნავია, რომ 2023 წლის პირველ თვეებში მშენებლობის, ვაჭრობის და ფინანსური მომსახურების სფეროები გაფართოვდა, თუმცა წარმოების და უძრავი ქონების სექტორები მცირედად შემცირდა.
გასულ წელს საქართველოს ეკონომიკამ სარგებელი მიიღო კაპიტალის ინტენსიური შემოდინებით და სერვისებზე მაღალი მოთხოვნით, რაც გამოწვეული იყო რუსეთიდან ადამიანური კაპიტალის (მათ შორის, იქ მცხოვრები ქართველების) შემოდინებით. საერთაშორისო მგზავრებისგან მიღებულმა შემოსავალმა პანდემიამდე არსებულ დონეს გადააჭარბა და ფულადი გზავნილების სუფთა შემოდინება გაორმაგდა.
უცხოური კაპიტალის შემოდინებამ დაფარა სავაჭრო ბალანსის დეფიციტი, ხოლო ადგილობრივი ვალუტის გამყარებამ, ცენტრალური ბანკის დროული მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებით, ხელი შეუწყო ინფლაციის სტაბილურ შემცირებას, 2023 წლის მარტისთვის 5.3 პროცენტამდე“, – აცხადებენ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკში.
EBRD-ის პროგნოზით, ეკონომიკური ზრდა 2023 წელს 5 პროცენტს შეადგენს, ხოლო 2024 წელს 5,3-ზე დასტაბილურდება. ზრდის პერსპექტივებს კვლავ მაღალი გეოპოლიტიკური რისკების ფონი ახლავს.
„იმ შემთხვევაში, თუ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი ახლო მომავალში დაიწყება, პოტენციურ პროცესთან შესაბამისი რეფორმები ეკონომიკური ზრდის პროგნოზზე დადებითად აისახება“, – აღნიშნულია ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ინფორმაციაში.