ეკონომისტი დემურ გიორხელიძე „კომერსანტთან“ აცხადებს, რომ ქვეყანას სიღარიბის შემცირების ნულოვანი შანსი აქვს. ეკონომისტი პრემიერ-მინისტრის იმ განცხადებას ეხმაურება, სადაც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ მთავრობის ამოცანაა 2028 წლისთვის უმუშევრობის დონის 4%-ს ჩამოცდეს.

„ხელისუფლების ხელშია ყველაფერი და რასაც უნდა იმას გამოაცხადებს პრემიერი. სრული უპერსპექტივობის გამო რეალურად სიღარიბე არა მარტო არ შემცირდება, მიგრაცია კიდევ უფრო გაიზრდება. 4%-იც მგონი ბევრია. შეიძლება თქვას, რომ საქართველო უკვე გადავიდა სიმდიდრის, მაღალი შემოსავლიანი ქვეყნების რიცხვში. ნულოვანი შანსი აქვს საქართველოს დღევანდელ ეკონომიკას სიღარიბის გაუმჯობესებისა და მიგრაციის შეჩერების. არც დგას ეს საკითხები დღის წესრიგში“, - აცხადებს დემურ გიორხელიძე.

ოფიციალური მონაცემებით, ქვეყანაში დღეს საშუალო ხელფასი 2217 ლარამდეა გაზრდილი. დემურ გიორხელიძე აცხადებს, რომ არსებული მონაცემი რეალობას არ ასახავს. მისი განმარტებით, პრობლემას წარმოადგენს საშუალო ხელფასის დათვის მექანიზმი, რომლის მიხედვითაც განსხვავებული ოდენობის ანაზღაურების მქონე ადამიანების შემოსავლებს აჯამებენ და მისგან საშუალო არითმეტიკული გამოჰყავთ.

ხელფასის საშუალო მონაცემები სასაცილოა. ჯერ ერთი აბსოლუტურად არ შეესაბამება რეალობას. მედიანური ხელფასი მაინც დათვალონ, მაგრამ ცუდ სიტუაციაში აღმოჩნდებიან. ამიტომ ციფრებით მანიპულირება იოლია. ადამიანების შემოსავლები არ იზრდება. მე არ ვგულისხმობ ბანკებში ტოპ მენეჯერების ვიწრო ჯგუფს, სადაც შეიძლება მილიონზე მეტი ხელფასები აქვთ. არ ვგულისხმობ იმპორტიორების ვიწრო წრეს, რომლებიც ხელისუფლების მხარდაჭერით ძარცვავენ საკუთარ ხალხს. არ ვგულისხმობ საბანკო სექტორს, რომელიც ასევე ხელისუფლების მხარდაჭერით აკეთებს იმას, რასაც აკეთებს. სხვა დანარჩენი უკვე მანიპულაციაა. როდესაც თქვენ მილიონიანი ხელფასის მქონე ბანკების ტოპ მენეჯერებსა და რიგით მოქალაქეს, რომელსაც 500, 600, 700 ლარი აქვს ხელფასი, საერთო ჯამში მოაქცევთ და საშუალოს გამოიტანთ, ფანტასტიკური, კარგი შედეგი გექნება. ცხადია, ხელისუფლებამ უკანასკნელ დროს გააკეთა ის, რომ სახელმწიფო სექტორში დასაქმებულთა ხელფასები გაზარდა. ეს სრულიად გარკვეული პოლიტიკური დატვირთვის მატარებელია, მაგრამ ჩვენ ვლაპარაკობთ საერთო ეკონომიკაზე. დათვლა არის უბრალოდ უხეში, არანორმალური და არასწორი. ყველა გრძნობს ამას, რომ საშუალო ხელფასი 1500 ლარი არ არის ქვეყანაში. ჩვეულებრივი სტატისტიკური მეთოდები რომ იყოს გამოყენებული ისე როგორც ეს მეცნიერება მოითხოვს, მაშინ სურათი ასეთი არ იქნება“, - განმარტავს დემურ გიორხელიძე.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, 2022-2024 წლებში, საქართველოში დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა 185 ათასით გაიზარდა. საშუალო ხელფასი კი 2217 ლარამდეა. პრემიერ-მინისტრის თქმით, 2028 წლისთვის საპროგრამო ამოცანაა, რომ საშუალო ხელფასი  3500 ლარს გადასცდეს.