საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში ინფორმაციული ტექნოლოგიების კომიტეტის ფარგლებში, წევრი კომპანიების წარმომადგენლებთან IPOA-ს მიერ გარკვეული პროდუქციის იმპორტიორებისას დაწესებულ ტარიფებთან დაკავშირებულ საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ტარიფების ადმინისტრირებასთან დაკავშირებულ პრობლემებს და მათი გადაჭრის გზებს,  რაც გულისხმობს საკანონმდებლო და ინსტიტუციური მექანიზმების შექმნას ადმინისტრირების უნივერსალურობის უზრუნველსაყოფად. 

შეხვედრაზე განსახილველ საკითხთაგან  ცალკე აღსანიშნავია დადგენილი ტარიფებიდან დღგ-ს კომპონენტის გამოყოფა, რადგან ამ გადასახადის გათვალისწინება ტარიფში არ არის თანხვედრაში საქართველოს საგადასახადო კოდექსის ნორმებთან და, შესაბამისად, ტარიფიც დასაკორექტირებელია დღგ-ს წილის პროპორციულად. 

წარმოდგენილი იქნა ასევე აღმოსავლეთ ევროპისა და განვითარებული დასავლური ქვეყნების გამოცდილება, როგორც ტარიფების ოდენობის, აგრეთვე მათი ადმინისტრირების მიმართულებით.

შეხვედრა დისკუსიის რეჟიმში წარიმართა, სადაც მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ ერთმანეთისათვის გაეზიარებინათ ტარიფების ამოქმედებიდან დღემდე დაგროვილი გამოცდილება და ახალ

რეჟიმში მუშაობის დროს გამოვლენილი პრაქტიკული პრობლემები და სირთულეები.

„საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში, მორიგი შეხვედრა გაიმართა ინტელექტუალური საკუთრების საკითხებსა და IPOA-ს მიერ დაწესებულ ტარიფებთან დაკავშირებით. ჩვენ მივიღეთ ინფორმაცია თუ რა სირთულეებს აწყდებიან ჩვენი წევრი კომპანიები ამ ტარიფების გადახდის პროცესში, ასევე, თუ რამდენად ეფექტურად ხორციელდება ადმინისტრირება და შევთანხმდით, რომ ამ ეტაპზე განსაკუთრებული ყურადღება უნდა დავუთმოთ სწორედ ადმინისტრირების საკითხს, რადგან თუ ის არ იქნა უნივერსალური ან თუ ამ ტარიფებს არ გადაიხდის ბაზრის უკლებლივ ყველა მონაწილე, ტარიფების გადახდევინება კომპანიების ნაწილისათვის ვერ იქნება მიჩნეული სამართლიანად და ობიექტურად“ განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ.