შუა აზიის ქვეყნები საქართველოდან მაღალბიუჯეტიანი ავტომობილების იმპორტს ახდენენ, - ამის შესახებ საქართველოს ავტოიმპორტიორთა ასოციაციის დამფუძნებელმა ალექსი ნონიაძემ „ბიზნესპარტნიორს“ განუცხადა.
მისი თქმით, თუ გასულ წელს, ცენტრალური აზიის ბაზარზე, საშუალოდ, 10 ათასი დოლარის ღირებულების ავტომობილები გადიოდა, წელს ეს ფასი 17 ათას დოლარამდეა გაზრდილი.
„შუა აზიის ქვეყნებში ყველაზე მოთხოვნადი ბიზნეს კლასის, ჰიბრიდული ავტომობილებია და სწორედ ამ ტიპის მანქანები გადის ექსპორტზე საქართველოდან. მაგალითად, სომხეთსა და აზერბაიჯანში, უფრო დაბალ საფასო სეგმენტში არსებულ ავტომობილებს ყიდულობენ, საშუალოდ, 12-13 ათასი დოლარის ღირებულების. თუმცა, ასე ვერ განვაზოგადებთ, ყველა ბაზარზე გადის როგორც ეკონომ, ისე ბიზნეს კლასის ავტომობილები“,- განმარტა ალექსი ნონიაძემ.
მისივე ინფორმაციით, საქართველოდან მანქანების ექსპორტი, ბოლო 1 წელში, განსაკუთრებით გააქტიურდა სომხეთში. ავტომობილების გაყიდვები განახლდა უკრაინაშიც. როგორც საქართველოს ავტოიმპორტიორთა ასოციაციის დამფუძნებელი ამბობს, საექსპორტო ქვეყნების სიაში ლიდერობენ - აზერბაიჯანი, ყირგიზეთი, ყაზახეთი და ტაჯიკეტიც.