გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, ქალაქ ბონში გამართული ,,ევროპის ტყეების’’ მინისტერიალის ფარგლებში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილე ნინო თანდილაშვილმა პირისპირ შეხვედრა გამართა გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის აღმასრულებელი მდივნის მოადგილე დმიტრი მარიასინთან. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
„შეხვედრაზე საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და გაეროს ევროპის ეკონომიკურ კომისიასთან არსებული თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. კერძოდ, ისაუბრეს ჰაერის დაცვის მიმართულებით მიმდინარე პროექტზე, რომლის ფარგლებშიც სამრეწველო სექტორიდან დაბინძურების შემცირების კუთხით ერთობლივი მუშაობა ხორციელდება; ასევე, აქტიურად მიდის თანამშრომლობა ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ტყის მდგრადი მართვა, ბიომრავალფეროვნების დაცვა და სხვა გარემოსდაცვითი მიმართულებები.
შეხვედრაზე დმიტრი მარიასინმა ხაზი გაუსვა საქართველოს მიერ სატყეო სექტორში არსებულ თვალსაჩინო პროგრესს და ყურადღება გაამახვილა საქართველოში ევროპულ სტანდარტებთან თანხვედრაში არსებულ რეფორმებზე, მათ შორის, ახალ ტყის კოდექსსა და ტყის ეროვნულ ინვენტარიზაციაზე.
აღინიშნა, რომ საქართველო გარემოსდაცვითი მმართველობისა და სტანდარტების გაუმჯობესების კუთხით მოწინავე პოზიციებზეა და გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისია საქართველოსთან სამომავლოდ თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერებას გეგმავს“ – ნათქვამია ინფორმაციაში.