„საქართველო, ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისით, რეგიონში ერთ-ერთ წამყვან ქვეყანად ჩამოყალიბდა. მიმდინარე წარმატებული რეფორმები, მაკროეკონომიკური სტაბილურობა და მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული ბიზნესგარემო ორმხრივი თანამშრომლობისათვის ხელსაყრელ სივრცეს ქმნის. საქართველო გამჭვირვალე და კორუფციისგან თავისუფალი საინვესტიციო ქვეყანაა. მინიმალური ბიუროკრატია და დაბალი საგადასახადო ტვირთი  ხელსაყრელ საინვესტიციო გარემოს უზრუნველყოფს“, - განაცხადა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა თელ-ავივში ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე.  

ისრაელი-საქართველოს სავაჭრო პალატის მიერ ორგანიზებულ შეხვედრას ბიზნესსექტორის 20-მდე წარმომადგენელი ესწრებოდა. მინისტრმა საქართველოს აგროსასურსათო პოტენციალზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სახელმწიფო პოლიტიკის მხარდაჭერამ კერძო სექტორის ზრდა განაპირობა, რაც, თავის მხრივ, აგროსასურსათო წარმოებისა და ექსპორტის სტაბილურ ზრდაში აისახა. მინისტრის განცხადებით, ბაზრების დივერსიფიცირება საქართველოსთვის კიდევ ერთი პრიორიტეტია. თუ რამდენიმე წლის წინ საქართველოს აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტი დაახლოებით 80-85 ქვეყანაში ხორციელდებოდა, 2024 წელს ეს რიცხვი 100-მდე გაიზარდა.  

შეხვედრაზე დავით სონღულაშვილმა აღნიშნა, რომ სოფლის მეურნეობა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის ერთ-ერთი  საყრდენი მიმართულებაა. ბოლო ათწლეულის განმავლობაში, საქართველოს მთავრობამ განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო ამ სფეროს მხარდაჭერას გაზრდილი დაფინანსებით, შეღავათიანი ფინანსური რესურსებით, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვით და საერთაშორისო საუკეთესო გამოცდილების გაზიარებით. მიღწეული შედეგები ცხადყოფს, რომ ეს ძალისხმევა ეფექტიანია და საქართველოდან აგრარული პროდუქციის წარმატებული ექსპორტი ხორციელდება.

დავით სონღულაშვილმა შეხვედრის მონაწილეებს სოფლის მეურნეობის მიმართულებით საერთაშორისო სავაჭრო ურთიერთობის გაძლიერების კუთხით საქართველოს სტრატეგია გააცნო და ძირითად საკვანძო საკითხებზე გაამახვილა ყურადღება. მინისტრმა ხაზი გაუსვა მიწისა და წყლის რაციონალურ და ეფექტიან გამოყენებას, სასოფლო-სამეურნეო სერვისების გაძლიერებას, ახალი და ინოვაციური პროექტების ხელშეწყობას. აღნიშნა, რომ, ბოლო დროს,  საქართველოს კარგი შედეგები აქვს აკვაკულტურისა და სასათბურე მეურნეობების მიმართულებით, სადაც ისრაელის გამოცდილების გაზიარება განსაკუთრებული მნიშვნელობისაა. მინისტრმა მზადყოფნა გამოთქვა შემდგომი თანამშრომლობის გაღრმავების მიმართულებით და ხაზი გაუსვა საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობების ახალ შესაძლებლობებს.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, სადაც ბიზნესსექტორის წარმომადგენლებმა საინვესტიციო გარემოს მიმართ ინტერესი გამოხატეს და სახელმწიფოს მიერ მხარდაჭერილი პროექტებით დაინტერესდნენ.

ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრას, დავით სონღულაშვილთან ერთად, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლაშა დოლიძე, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ისრაელის სახელმწიფოში ზაზა კანდელაკი და საქართველოს საპატიო კონსული მენი ბენიში ესწრებოდნენ.

ინფორმაციას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს