თანამშრომლობის პირველ წლებში, გაერო ეხმარებოდა საქართველოს კონფლიქტებთან, ეკონომიკურ სირთულეებთან და დამოუკიდებელი სახელმწიფოს აღდგენასთან დაკავშირებული გამოწვევების მოგვარებაში, 3 ათწლეულის შემდეგ, საქართველო არის საშუალოზე მაღალი შემოსავლის ქვეყანა, რომელიც აჩვენებს ძლიერ ეკონომიკურ ზრდას, მნიშვნელოვან პროგრესს სიღარიბის შემცირების მიმართულებით და ის მნიშვნელოვან როლს ასრულებს რეგიონული დაკავშირების უზრუნველყოფაში, - ამის შესახებ გაეროს მუდმივმა კოორდინატორმა საქართველოში დიდიე ტღებიუკმა საქართველოსა და გაეროს შორის  2026-2030 წლების გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ხელშეკრულების ხელმოწერის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოსა და გაეროს შორის 30-წელზე მეტი ხნის გრძელვადიანი და ღრმა პარტნიორობის ისტორიაში ახალი, მნიშვნელოვანი ეტაპი იწყება.

„დღეს ახალი, მნიშვნელოვანი ეტაპია საქართველოსა და გაეროს შორის 30-წელზე მეტი ხნის გრძელვადიანი და ღრმა პარტნიორობის ისტორიაში. ჩვენი თანამშრომლობის პირველ წლებში, გაერო ეხმარებოდა საქართველოს კონფლიქტებთან, ეკონომიკურ სირთულეებთან და დამოუკიდებელი სახელმწიფოს აღდგენასთან დაკავშირებული გამოწვევების მოგვარებაში. 3 ათწლეულის შემდეგ, საქართველო არის საშუალოზე მაღალი შემოსავლის ქვეყანა, რომელიც აჩვენებს ძლიერ ეკონომიკურ ზრდას, მნიშვნელოვან პროგრესს სიღარიბის შემცირების მიმართულებით და ის მნიშვნელოვან როლს ასრულებს რეგიონული დაკავშირების უზრუნველყოფაში. ამავდროულად, ჩვენ ამ თანამშრომლობის ხელშეკრულებას ვაწერთ ხელს იმ დროს, როდესაც მთელი მსოფლიო გაურკვევლობის, დაყოფის, კონფლიქტების, მზარდი უთანასწორობისა და კლიმატის კრიზისის გამოწვევების წინაშე დგას. ქვეყნების ცვალებადი საჭიროებები და მზარდი შესაძლებლობები მოითხოვს გაეროს მიდგომების შეცვლას ეროვნული განვითარების მხარდაჭერის მიზნით. თანამშრომლობის ხელშეკრულება, რომელსაც დღეს ვაწერთ ხელს, წარმოადგენს პირობას, რომელსაც ჩვენ ვიზიარებთ საქართველოს მთავრობასა და ყველა პარტნიორთან - განვახორციელოთ გადამწყვეტი რეფორმები მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევისკენ პროგრესის დასაჩქარებლად, რადგან მხოლოდ 5 წელია დარჩენილი მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად, როგორც საქართველოში, ისე მთელ მსოფლიოში. ეს ასევე წარმოადგენს ვალდებულებას, დავიცვათ საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებები, ადამიანის უფლების დაცვისა და კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლის კუთხით და მისი მიზანია, მწვანე და ინკლუზიური განვითარების ხელშეწყობა საქართველოში მყოფ ადამიანებს შორის უთანასწორობის შესამცირებლად, განსაკუთრებით კი ურბანულ დასახლებებსა და რეგიონებს შორის. როგორც გაეროს გენერალურმა მდივანმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, ნამდვილი განვითარება არ არის კეთილდღეობა უმცირესობისთვის, ეს არის შესაძლებლობა მრავალთათვის, რომელიც დაფუძნებულია სოციალურ სამართლიანობაზე, ღირსეულ სამუშაოსა და ადამიანურ ღირსებაზე. სწორედ, ამას ეძღვნება ეს ხელშეკრულება,”- განაცხადა დიდიე ტღებიუკმა.

მისივე თქმით, ნამდვილი განვითარება მოითხოვს პარტნიორობას და ერთობლივ მოქმედებას მთავრობას, სამოქალაქო საზოგადოებას, ბიზნესს, აკადემიურ წრეებსა და საერთაშორისო პარტნიორებს შორის.

„სწორედ, ამას სთავაზობს თანამშრომლობის ეს ხელშეკრულება ყველას - მოქმედების პლატფორმას ერთად მუშაობისთვის. საქართველოში გაეროს სააგენტოთა ჯგუფმა, მთავრობასთან ერთად, შეიმუშავა ძირითადი პრიორიტეტები და ჩაატარა სიღრმისეული კონსულტაციების პროცესი საქართველოში არსებულ ყველა პარტნიორთან, ასევე ახალგაზრდების დიდ ჯგუფთან. ჩვენ უზომოდ მადლიერები ვართ მათი ყველა იდეისა და რეკომენდაციისთვის. მზად ვართ, გავაგრძელოთ მათთან მუშაობა მონაწილეობითი და ინკლუზიური გზით, რათა უზრუნველვყოთ მნიშვნელოვანი მხარდაჭერა საქართველოს განვითარებისთვის,“- განაცხადა გაეროს მუდმივმა კოორდინატორმა საქართველოში.

დიდიე ტღებიუკმა მადლობა გადაუხადა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას და დარგობრივ სამინისტროებს ხელშეკრულების შემუშავების პროცესში მჭიდრო თანამშრომლობისთვის. 

„მოუთმენლად ველი მდგრადი განვითარების ახალი ხელშეკრულების წარმატებით განხორციელებას, მომდევნო 5 წლის განმავლობაში. ის დაფუძნებული იქნება მრავალმხრივი კოორდინირებული ურთიერთობის, სოლიდარობისა და საერთო პასუხისმგებლობის პოტენციალის გამოყენებაზე. მსურს, მივმართო ქართველ ხალხს - მათ შეუძლიათ, გაეროს იმედი ჰქონდეთ,“- განაცხადა დიდიე ტღებიუკმა.

ინფორმაციას საქართველოს მთავრობა ავრცელებს.