2008 წელს მსოფლიოში ეკონომიკური კრიზისი იყო. ამ კრიზისიდან ასე თუ ისე ყველა გამოვიდა. ინგლისს, საფრანგეთს, გერმანიას აქვთ ნული ზრდა 17 წლის განმავლობაში, ამერიკაში და საქართველოშიც არის ასპროცენტიანი ზრდა, - განაცხადა ტელეკომპანია „იმედის“ მფლობელმა, ბიზნესმენმა ირაკლი რუხაძემ „იუთუბ“ არხზე, გადაცემაში „თავისუფალი ბაზარი“ იაგო ხვიჩიასთან, „გირჩსა“ და სანდრო რაქვიაშვილთან ერთად.
„თქვენ ხომ მეუბნებით, რომ „ქართული ოცნება“ მცდარ ნარატივს აქვეყნებს. მე მინდა გითხრათ, რომ „ქართულ ოცნებას“ მცდარი ნარატივი არ აქვს. საქართველოში იყო ასპროცენტიანი ზრდა და ამერიკაშიც იყო ასპროცენტიანი ზრდა, ანუ, სანამ ევროპა ნულზე იდგა, 17 წელია, ამერიკა გაორმაგდა და საქართველოც გაორმაგდა ნომინალში, PPP-ში (Purchasing Power Parity, მსყიდველობითი უნარის პარიტეტი) საქართველო გახუთმაგდა. ცრუ ნარატივია რომ ღარიბები ვართ. „ქართულმა ოცნებამ“ გაატარა ის რეფორმა, რომ მე ხელს არ მიშლიან საერთოდ, რაც მინდა ის გავაკეთო. მე მაქვს გამოცდილება, მაიამიში ვაშენებდი ოთხ უზარმაზარ შენობას ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ კუნძულზე და ამიტომ მე ვიცი რა არის, როდესაც ნებართვების აღება პრობლემატურია და როგორია საქართველოში ნებართვის აღება“, - განაცხადა რუხაძემ.
მისი თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ მისცა საშუალება ბიზნესმენებს, განურჩევლად მათი პოლიტიკური შეხედულებებისა, აკეთოს ბიზნესი. მაგალითისთვის მან თემურ ჭყონია მოიყვანა და აღნიშნა „მაკდონალდსის“ რაოდენობა 2012 წელს და 2012 წლის შემდეგ.
„მთავარი რეფორმა არის ის, რომ ხალხს მიეცა საშუალება ფული გამოაჩინოს. სააკაშვილის დროს ორ მილიონზე მეტი რომ ჩაგერიცხებოდა ბანკში, თუ ახლობელი იყავი უნდა დაგებანდებინა და თუ მტერი იყავი, უნდა წაერთვათ. დღეს ჩვენ შეგვიძლია ფული გავაკეთოთ, დავაბანდოთ. სააკაშვილის დამპალ საძირკველზე სწორი ეკონომიკა ვერ აღმოცენდებოდა", - აღნიშნა რუხაძემ.