საქართველოსა და ჩინეთს შორის ორმხრივმა ურთიერთობებმა უმაღლეს დონეს მიაღწია, როდესაც სტრატეგიული პარტნიორობა ჩამოვაყალიბეთ, სამომავლოდ კი ორმხრივი ურთიერთობები იკვეთება „შუა დერეფნის“, „სარტყელისა და გზის“ ინიციატივის სინერგიით, საქართველო გააძლიერებს თავის პოზიციებს, როგორც გზაჯვარედინი რეგიონში, – ამის შესახებ საქართველოში ჩინეთის ელჩმა, ჭოუ ციენმა საქართველოს პირველ არხთან ინტერვიუში განაცხადა.

ჭოუ ციენმა უპასუხა კითხვას, რომელიც საქართველო-ჩინეთს შორის ამჟამინდელ და სამომავლო ურთიერთობებს ეხებოდა.

„გასული წლიდან, როდესაც ჩინეთსა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობა ჩამოვაყალიბეთ, ჩვენ შეგვიძლია დავინახოთ, რომ ორმხრივმა ურთიერთობებმა მიაღწია უმაღლეს დონეს ისტორიაში, როდესაც ჩვენ 32 წლის წინ დავამყარეთ დიპლომატიური ურთიერთობები. ჩინური სტატისტიკის თანახმად, გასულ წელს ორმხრივი ვაჭრობა ორ მილიარდ დოლარზე მეტი იყო. როგორც ვიცით, იანვრიდან სექტემბრამდე საქართველოდან ჩინეთში ექსპორტი 122 პროცენტით გაიზარდა. ჩვენ ვხედავთ მნიშვნელოვან ზრდას. ღვინისთვის და სანელებლებისთვის გაიხსნა ჩინეთის უზარმაზარი ბაზარი. იმავე პერიოდში, იანვრიდან სექტემბრამდე 67 ათასზე მეტია ჩინელი ტურისტების რაოდენობა, რომლებიც საქართველოში ჩამოდიან. წლიდან წლამდე ეს რაოდენობა გაიზარდა 101 პროცენტით. ჩვენ გვაქვს არა მხოლოდ მშვენიერი პოლიტიკური ურთიერთობები, ასევე ხალხთაშორისი კონტაქტები. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც 28 მაისს ჩინეთის კონტინენტურ ნაწილსა და საქართველოს შორის ამოქმედდა უვიზო მიმოსვლა. ასევე, სექტემბერში ჩინეთის ჰონგ კონგსა და საქართველოს შორის უვიზო მიმოსვლა შევიდა ძალაში, რომელმაც, ასე ვთქვათ, ახალი ინექცია გააკეთა ჩვენი ორმხრივი თანამშრომლობისთვის. სამომავლოდ კი ორმხრივი ურთიერთობები იკვეთება „შუა დერეფნის“ და „სარტყელისა და გზის“ ინიციატივის სინერგიით. ამ განზომილებაში, თუ გავითვალისწინებთ ანაკლიის პორტს, ეს არის დიდი პროექტი თანამშრომლობისთვის. საქართველო გააძლიერებს თავის პოზიციებს როგორც გზაჯვარედინი რეგიონში და ასევე ჩინეთსა და ევროპას შორის“, – განაცხადა ჭოუ ციენმა.

წყარო: პირველი არხი