კვლევითი ინსტიტუტის Gnomon Wise-ის პუბლიკაციაში, რომელიც ყოველთვიურად სამხრეთ კავკასიის ეკონომიკას მიმოიხილავს, წერია, რომ 2024 წლის სექტემბერში სამომხმარებლო ფასების წლიურმა ზრდამ 0.6% შეადგინა.

2023 წელს საქართველოში ინფლაციის ტემპი, წინა წელთან შედარებით, შემცირდა.

დოკუმენტის მიხედვით,  სექტემბრის ინფლაციაში მაღალი წვლილი სტუმარმასპინძლობის სექტორის ფასებმა შეიტანა, რომელიც 7.5%-ით გაიზარდა. თუმცა, რიგ სექტორებში ფასების კლება დაფიქსირდა, მათ შორის, კავშირგაბმულობის ფასები ყველაზე მეტით, 12.8%-ით შემცირდა. ამ ფონზე, ცენტრალურმა ბანკმა, ბოლო გადაწყვეტილებით, რეფინანსირების განაკვეთი 8%-ზე შეინარჩუნა.

კვლევის თანახმად, რეგიონში ფასების დინამიკით სომხეთი გამოირჩევა. მიმდინარე წლის სექტემბერში სამომხმარებლო ფასების წლიური ზრდა 0.6% იყო. ყველაზე მაღალი, 9%-იანი ზრდა ტრანსპორტის სექტორში დაფიქსირდა, ხოლო 3.4%-იანი კლება - ტანსაცმლის ფასებზე. სომხეთის ცენტრალურმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის შემსუბუქება 2023 წელს დაიწყო. ბოლო გადაწყვეტილებით, რეფინანსირების განაკვეთი 7.5%-მდე შემცირდა.

დოკუმენტის მიხედვით, აზერბაიჯანში ინფლაცია დასტაბილურდა. 2024 წლის სექტემბერში სამომხმარებლო ფასების წლიურმა ზრდამ 3.5% შეადგინა. აგვისტოში ეს ნიშნული იგივე იყო. აზერბაიჯანი რეგიონში შედარებით მაღალი ინფლაციით წინა პერიოდებში გამოირჩეოდა. მიუხედავად ამისა, აზერბაიჯანის ცენტრალური ბანკი პოლიტიკის გამკაცრებისგან თავს იკავებდა. ივნისში მიღებული გადაწყვეტილებით, პოლიტიკის განაკვეთი 7.25%-ზე შენარჩუნდა.