სამედიცინო მომსახურების ბაზრის მონიტორინგი რამდენიმე მიზეზით დაიწყო და ერთ-ერთი ეს იყო ფასების დინამიკა, დაახლოებით 26 %-ით არის გაზრდილი ფასები, ეს ეხება როგორც კონსულტაციებს, ისე სხვადასხვა სამედიცინო სერვისებს, - განაცხადა GCCA-ის თავმჯდომარე ირაკლი ლექვინაძემ.
მისივე თქმით, GCCA-ის მიზანია, გაარკვიოს, თუ რას უკავშირდება ფასების ზრდა.
„მაგალითისთვის რომ ავიღოთ - ექიმთან კონსულტაციის მიმართულება, ბოლო წლებში, საკმაოდ გაძვირდა. ჩვენი მიზანია, გავარკვიოთ, თუ რას უკავშირდება ფასების ზრდა, ხომ არ არის ეს ერთგვარი მცდელობა, რომ ვინაიდან პაციენტებმა, მათ შორის, DRG-ის დანერგვისა, თუ სხვა მნიშვნელოვანი რეფორმების შედეგად მიიღეს მნიშვნელოვანი დანაზოგი, ამ შემოსავლების გენერირება ხდებოდეს იქ, სადაც რიგ კლინიკებს ჯერჯერობით ამის რესურსი კიდევ გააჩნიათ“, - განაცხადა ლექვინაძემ და დაამატა, რომ ფარმაცევტული ბაზრის მონიტორინგის ფარგლებში, სააგენტომ 13 რეკომენდაცი გასცა. მისივე თქმით, საქართველოს მთავრობამ და ჯანდაცვის სამინისტრომ რიგი მათგანი დანერგა, მათ შორის ყველაზე შედეგიანი იყო რეფერენტული ფასები, რამაც მნიშვნელოვნად შეამცირა მედიკამენტებზე ფასები, ასევე ჯენერიკულ-ელექტრონული რეცეპტები და ა.შ. რამაც, ლექვინაძის შეფასებით, მომხმარებლებს გაუჩინა შესაძლებლობა,მნიშვნელოვანი დანაზოგი გააკეთონ მედიკამენტებზე.
GCCA-ის თავმჯდომარის თქმით, დაჯარიმდა 4 კომპანია შეთანხმებულ ქმედებაზე, ონკოლოგიურ მედიკამენტებთან დაკავშირებით.
„ჩვენ 4 კომპანია საკმაოდ სოლიდურად დავაჯარიმეთ შეთანხმებულ ქმედებაზე, ეს ეხებოდა ონკოლოგიურ მედიკამენტებს. ამასთან, იყო შემთხვევები, როდესაც ლარიანი, იმპორტით შემოტანილი მედიკამენტი 30 ლარად იყიდებოდა. დღეს ბაზარზე გვაქვს მნიშვნელოვანი წინსვლა ამ კუთხით. მედიკამენტებზე ფასნამატები იყო 180-200 % და ისეთი ხარჯები იყო შეტანილი, როგორიცაა მაგალითად კონფერენციების ორგანიზება, ძვირადღირებულ სასტუმროებში განთავსება, სამკაულები, პლასტიკური ოპერაციები და ა.შ. ითხოვდნენ, რომ ეს ყველაფერი ჩაგვეთვალა ხარჯებად. საუბარია ყველასთვის ცნობილ მედიკამენტზე, ეს ხდებოდა მანამ, სანამ დაწესდებოდა რეფერენტული ფასები, ასეთი ტიპის პრაქტიკას ჰქონდა ადგილი,“- განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.