საქართველოში სალიზინგო ბაზარი მზარდია და ბოლო მონაცემებით, ამ სექტორის პორტფელის მოცულობამ 800 მილიონ ლარს მიაღწია.

როგორც სალიზინგო კომპანიებში აცხადებენ, ბაზრის დიდი წილი კვლავ კორპორატიულ მიმართულებაზე მოდის და სალიზინგო პროდუქტებზე მოთხოვნა განსაკუთრებით გააქტიურებულია სამშენებლო-ინფრასტრუქტურული სექტორის მხრიდან.

თუმცა როგორც BMG-ის “ბბ დაზღვევის“ გენერალურმა დირექტორმა, კოტე სულამანიძემ განუცხადა, ბოლო პერიოდში ასევე გააქტიურებულია საცალო მიმართულება, მათ შორის ავტოლიზინგი. სულამანიძის განცხადებით, მათ შემთხვევაში პორტფელის ზრდის წლიური ტემპი 32% იყო.

“სალიზინგო ბაზრის მთლიანი პორტფელი დაახლოებით 800 მლნ ლარს გაუტოლდა. კონცენტრაცია ისევ ძირითადად კორპორატიულ სეგმენტზეა, თუმცა იგრძნობა, რომ ბიზნესსექტორთან ერთად გააქტიურდა საცალო სექტორიც. ფიზიკურ პირების ჭრილში აქტუალურია ავტომობილების დაფინანსება. ჩვენს პორტფელში დაახლოებით 35% უკვე რითეილის მიმართულებაზე მოდის.

ჩვენ პორტფელის ზრდის ტემპი წლის განმავლობაში 32% გვქონდა. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ჩვენ ვზრდით კომპანიის მომგებიანობასაც, გასულ წელთან შედარებით მოგებიანობა გაიზარდა 18%-ით.

რაც შეეხება მოლოდინებს, ლიზინგის მიმართულებით, წლის მეოთხე კვარტალი როგორც წესი უფრო აქტიურია ხოლმე და წელსაც იგივე ტენდენციას ველოდებით. ჩვენ ვვარაუდობთ, რომ წლის ჭრილში სალიზინგო ბაზარი დაახლოებით 50-55%-ის ფარგლებში გაიზრდება”, - განაცხადა კოტე სულამანიძემ.