„საკმაოდ დიდი დარტყმა იქნება,“ - ასე აფასებს „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას ახალგაზრდა გიდების ასოციაციის დირექტორი ლაშა ბერეკშვილი „ვიზეარის“ გადაწყვეტილებას, ვენაში ბაზის დახურვასთან დაკავშირებით.

ცნობისთვის, ავიაკომპანია Wizz-Air ვენაში მდებარე ბაზის დახურვას გეგმავს. ავიაკომპანიის განმარტებით, ეს ოპერაციული ხარჯების ზრდასა და უფრო მომგებიან ბაზრებზე სტრატეგიულ გადასვლას უკავშირდება.

როგორც ცნობილია, დახურვა ორ ეტაპად განხორციელდება:

2025 წლის 26 ოქტომბრიდან: ორი თვითმფრინავი გაუქმდება და შეწყდება რეისები ბილბაოსა და ლონდონის გეტვიკის მიმართულებით.

2026 წლის 15 მარტიდან კი: დარჩენილი სამი თვითმფრინავი და ვენის ყველა სხვა მარშრუტი შეწყდება.

კომპანიის განცხადებით, ეს ეტაპობრივი მიდგომა Wizz Air-ს საშუალებას აძლევს, მინიმუმამდე დაიყვანოს მგზავრებისა და პერსონალისთვის შეფერხებები.

შესაბამისად, გაუქმდება ავიაკომპანია „ვიზეარის“ ქუთაისი-ვენის მიმართულებაც, თუმცა, კონკრეტული თარიღი ჯერ არაა ცნობილი. ამ ეტაპზე, ავიაკომპანიის ვებ-გვერდზე ქუთაისი-ვენის მიმართულება აქტიურია მომდევნო წლის ოქტომბრის ჩათვლით.

„ვენა იყო ლოჯისტიკური ჰაბი და ის ქუთაისს აკავშირებდა ევროპის ქვეყნებთან. ვენა იყო ადგილი, საიდანც იშლებოდა სხვადასხვა მიმართულებით ფრენები, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანი იყო ეს მიმართულება.

ავიაკომპანია „ვიზეარის“ ქუთაისი-ვენის მიმართულების გაუქმება ქუთაისისთვისაც, იმერეთისთვისაც და საქართველოსთვისაც საკმაოდ დიდი დარტყმა იქნება, გამომდინაარე იქიდან, რომ ყველა რეისი, რაც სრულდება ქუთაისიდან, აცოცხლებს ამ ქალაქს და რეგიონს.

ეს რეისები ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც ქართველების მიერ გასვლითი მოგზაურობების, ისე შემომავალი ტურიზმის მიმართულებებით,“ - აღნიშნა „ბიზნესპრესნიუსთან“ ლაშა ბერეკაშვილმა.

წყარო: www.bpn.ge