სახელმწიფო საწარმოებში იყო სერიოზული ხარვეზები და ჩვენ ამ რამდენიმე თვის განმავლობაში გაწეული სამუშაოების შედეგად შევძელით 700 მლნ ლარის დაზოგვა. ეს ნაწილობრივ მოხერხდა კადრების ოპტიმიზაციის შედეგად და ამ კუთხით სახელმწიფო საწარმოებში ყოველწლიურად დაიზოგება მინიმუმ 60 მლნ ლარი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბიზნეს ასოციაციის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, სხვა მიმართულებითაც იყო ხარვეზები და მენეჯმენტის გაუმჯობესების ხარჯზე მთავრობამ შეძლო ამ ხარვეზების გამოსწორება.

„მინდა მადლობა გადავუხადო სამთავრობო გუნდის წევრებს, ეკონომიკური გუნდის წევრებს, ქალბატონ მარიამ ქვრივიშვილს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გვქონდა მართვის მწყობრი, გამართული სისტემა, ხარვეზები ძალიან ბევრი იყო, მაგრამ მე მინდა ვთქვა, რომ გასული სამი თვის განმავლობაში ჩვენ შევძელით ბევრი საკითხის მოგვარება და უკეთ გადაწყვეტა. მაგალითად, სახელმწიფო საწარმოებში იყო სერიოზული ხარვეზები და ჩვენ ამ რამდენიმე თვის განმავლობაში გაწეული სამუშაოების შედეგად შევძელით 700 მლნ ლარის დაზოგვა. ეს ნაწილობრივ მოხერხდა კადრების ოპტიმიზაციის შედეგად და ამ კუთხით სახელმწიფო საწარმოებში ყოველწლიურად დაიზოგება მინიმუმ 60 მლნ ლარი, თუმცა, ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო გაიზრდება. ასევე, ხარჯების ოპტიმიზაციის ნაწილში ჩვენ მოვახერხეთ დამატებით 600 მლნ ლარზე მეტის დაზოგვა, მხოლოდ სახელმწიფო საწარმოებში. ეს მხოლოდ სახელმწიფო საწარმოებში, თუმცა, სხვა მიმართულებითაც იყო ხარვეზები და მენეჯმენტის გაუმჯობესების ხარჯზე ჩვენ შევძელით ამ ხარვეზების გამოსწორება. ეკონომიკის სამინისტროს სახით თქვენ გყავთ ძლიერი და გულისხმიერი პარტნიორი და ნებისმიერ საკითხზე თქვენ შეგიძლიათ მიმართოთ სამინისტროს, პირადად მინისტრს და დარწმუნებული ვარ, ყველა საკითხი მაქსიმალურად სწრაფად გადაიჭრება.

იყო ძალიან მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები, რომელიც წარმოებდა უცხოურ კომპანიებთან ქვეყნისთვის მნიშვნელოვან სტრატეგიულ ობიექტებთან დაკავშირებით. მინდა აღვნიშნო, რომ ორი-სამი თვის განმავლობაში ყველა ეს მოლაპარაკება დასრულდა მაქსიმალური სარგებლით ჩვენი სახელმწიფოსთვის და ამისათვის ქალბატონ მინისტრს მინდა განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო. ჩვენ ასევე ვმუშაობთ ახალ ინიციატივებზე, რომლებზეც საჯაროდ მოგვიანებით ვისაუბრებთ და ეს ახალი ინიციატივებიც ხელს შეუწყობს ეკონომიკური განვითარების კიდევ უფრო მეტად დაჩქარებას. ასევე მინდა მადლობა გადავუხადო ბატონ ლაშა ხუციშვილს, ჩვენი ეკონომიკური გუნდის გამორჩეულ წევრს, ბატონ დავით სონღულაშვილს, რომელიც სოფლის მეურნეობას უძღვება და რეგიონული მიმართულებით მომუშავე ჩვენს მინისტრებს, ბატონ რეზი სოხაძეს, ბატონ კახა გულედანს“, - განაცხადა პრემიერმა.



ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს