მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის განცხადებით, სახელმწიფო საწარმოების რეფორმის პირველ ეტაპზე, ოპტიმიზაციის შედეგად ენერგეტიკულ კომპანიებსა და საქართველოს რკინიგზაში წლიურად 52 მილიონ ლარზე მეტი დაიზოგა. რეფორმის მიმდინარეობის შესახებ ლევან ჟორჟოლიანი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის წარმომადგენლებს ესაუბრა. მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის წარმომადგენლებს რეფორმის არსი განუმარტა და განაცხადა, რომ ის სახელმწიფო საწარმოების მართვის სისტემის თვისებრივად განახლებას გულისხმობს.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ რეფორმის მიზანია, სახელმწიფო საწარმოები დოტაციაზე ყოფნის ნაცვლად იყვნენ მომგებიანი და ფული შეიტანონ ბიუჯეტში, გაიმართოს მენეჯმენტი და გაძლიერდეს სამეთვალყურეო საბჭოები. ასევე მნიშვნელოვანია, სახელმწიფო საწარმოები არ შედიოდნენ კონკურენციაში კერძო სექტორთან, რაც უზრუნველყოფს მათი საქმიანობის მეტ ეფექტურობას და სამი წლის შემდეგ - 2028 წლისთვის, ხელშესახებ შედეგებს მოიტანს.

შეხვედრას სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელი ნატალი მანუილოვა, ფისკალური რისკების მართვის საკითხებში რეგიონული მრჩეველი იანიკ ველი, ფისკალური საკითხების დეპარტამენტის მოკლევადიანი ექსპერტი ევრილ ჰალსტედი და ფისკალური საკითხების დეპარტამენტის მოკლევადიანი ექსპერტი სორანა ბაჩუ დაესწრნენ.

ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს