საიდუმლო ბორბლებზე: როგორ შედის სანქცირებული ტრაილერები რუსეთში? -  ასე ეწოდება ახალ საგამოძიებო ნაშრომს, რომელიც "აი ფაქტის" გუნდმა გამოაქვეყნა. გამომძიებელი ჟურნალისტები იტყობინებიან, რომ მათ დაშიფრეს ძველი და ახალი სქემები, რომელიც შესაძლოა დანაშაულის ნიშნებს შეიცავდეს.

"აი ფაქტი" წერს, რომ ასობით ტრაილერი საქართველოდან ექსპორტზეა გაშვებული, მაგრამ არ არის მიღებული იმ ქვეყნებში, სადაც, დეკლარაციის მიხედვით უნდა ჩასულიყვნენ.

ირკვევა, რომ ევროპაში წარმოებული სატვირთოებო საქართველოდან რუსეთში შემოვლითი გზებით იგზავნება. "აი ფაქტის" მკვლევარებმა მიაგნეს 50-მდე ქართულ და უცხოელ კომპანიასაც, რომლებიც სავარაუდოდ არალეგალურ საიდუმლო სქემაში არიან ჩართულები. 

სქემა 1.  სატვირთო ავტომობილები საქართველოდან თურქეთსა და სხვა, მესამე ქვეყნებში იყიდება, შემდეგ კი იქიდან რუსეთში მიდის.  

სქემა 2. სატვირთო ავტომობილები საქართველოდან ექსპორტით ყირგიზეთში, ყაზახეთსა და უზბეკეთში მიდის, თუმცა, საბოლოო დანიშნულების ადგილამდე არ ჩადის და რუსეთში რჩება. ამ ქვეყნებში მიმავალმა ტრანსპორტმა გზად რუსეთი უნდა გაიაროს. 

ამ სქემების მოქმედების შედეგია ის, რომ საქართველოს საბაჟო მონაცემები აცდენილია საერთაშორისო ბაზებისა და  ე.წ. „მესამე ქვეყნების“ საბაჟო მონაცემებს. ასობით ტრაილერი საქართველოდან ექსპორტზეა გაშვებული, მაგრამ არ არის მიღებული იმ ქვეყნებში, სადაც, დეკლარაციის მიხედვით უნდა ჩასულიყვნენ. 

ამ ტექნიკის რუსეთში შეტანა ევროკავშირმა და სხვა დასავლურმა ქვეყნებმა 2022 წლიდან აკრძალა, მაშინ, როცა რუსეთს უკრაინაში შეჭრის გამო სანქციები დაუწესეს. მიზანი რუსეთის სამხედრო მომარაგებისა და ეკონომიკის დასუსტება იყო. ამ გადაწყვეტილების კვალდაკვალ  ევროპულმა და ამერიკულმა ავტომწარმოებლებმაც დატოვეს რუსული ბაზარი. მაგრამ ამგვარი სქემების დახმარებით, ევროპული წარმოების სატვირთოები (MAN, Mercedes, Volvo, Scania) რუსულ ბაზარზე ისევ თავისუფლად იყიდება. 

თუ  Avito.ru-ს, რუსეთის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ავტოვაჭრობის ვებგვერდს თვალს გადაავლებთ, მარტივად ნახავთ 1 000-ზე მეტი განცხადებას სატვირთო ავტომობილების გაყიდვაზე. ბევრია გერმანული MERCEDES და MAN, შვედური VOLVO და SCANIA. მათ შორის ზოგიერთი სულ ახლახან, 2023-2025 წლებშია გამოშვებული. 

როგორც "აი ფაქტი" წერს, იმპორტთან ერთად გაიზარდა ექსპორტიც, ოღონდ, არა პირდაპირ რუსეთში, არამედ მესამე ქვეყნებში: აზერბაიჯანში, სომხეთში, უზბეკეთში, ყირგიზეთში, ყაზახეთსა და ტაჯიკეთში.

მაგალითად, 2022 წლიდან 2025 წლის აპრილის ჩათვლით ყაზახეთში 322 ტრაილერია გასული, 2019-2021 წლებში კი მხოლოდ 14. 

განსაკუთრებით საყურადღებოა ყირგიზეთის მაგალითი. ამ ქვეყანასთან სატვირთოებით წარსულშიც ვვაჭრობდით, თუმცა გაცილებით მცირე მასშტაბებზე იყო საუბარი. ომამდე, 9 წლის განმავლობაში, 2013-2021 წლებში, საქართველოდან ყირგიზეთში სულ 31 ტრაილერი გავიდა. ხოლო 2022 წლიდან დღემდე, მხოლოდ სამ წელში, 9-ჯერ მეტი  – 295 ცალი. რაც შეეხება ექსპორტის ჯამურ ღირებულებას, ის 19-ჯერ გაიზარდა. 

მეზობელი ქვეყნებიდან რუსეთთან სატვირთო მანქანებით აქტიურად ვაჭრობს სომხეთიც. 2021 წელს თუ სომხეთიდან რუსეთში მხოლოდ 10 ცალი სატვირთო ავტომობილი გაიგზავნა ექსპორტზე, 2022 წელს 9 256 ერთეული გაიყვანეს, ანუ 92 460%-ანი ზრდა ჰქონდათ.  

ე.წ. “მესამე ქვეყნებმა” რუსეთთან ტრაილერებით ვაჭრობას რომ მოუხშირეს, ამას გაეროს ოფიციალური მონაცემებიც ადასტურებს. 

კვლევას სრულად გაეცანით აქ