რუსეთი, საქართველოს სავაჭრო პარტნიორებს შორის, იანვარ-თებერვლის ბრუნვის მიხედვით 410.6 მლნ აშშ დოლარით მეორე ადგილზეა, თურქეთის მერე. გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ვაჭრობა 12%-ით შემცირდა.

„საქსტატის“ ინფორმაციით, 2024 წლის იანვარ-თებერვალში რუსეთიდან იმპორტი 7.4%-ით 313.7 მლნ დოლარამდე შემცირდა, ეს კი მთლიანი იმპორტის 14.6%-ია.

რუსეთთან ექსპორტი კი 24.5%-ით შემცირდა. იანვარ-თებერვალში საქართველომ მეზობელ ქვეყანაში 96.8 მლნ აშშ დოლარის პროდუქცია გაყიდა, რითაც რუსეთი საექსპორტო პარტნიორებს შორის, ყირგიზეთისა და აზერბაიჯანის შემდეგ, მესამეა. მთლიან ექსპორტში წილი კი, 12.1%-ია.

საქართველოდან რუსეთში ექსპორტირებული უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფები ასეთია:

  • ყურძნის ნატურალური ღვინოები - 35.9 მლნ აშშ დოლარი. ზრდა 33.2%;
  • სპირტიანი სასმელები - 16.4 მლნ აშშ დოლარი. ზრდა 46.1%;
  • მინერალური და მტკნარი წყლები - 11.6 მლნ აშშ დოლარი. ზრდა 8.2%;
  • წყლები, მინერალურისა და დაგაზიანებულის ჩათვლით, შაქრის დანამატების შემცველობით - 7.9 მლნ აშშ დოლარი. ზრდა 26.6%;
  • ციტრუსების ნაყოფი, ახალი ან გამხმარი - 7.1 მლნ აშშ დოლარი. ზრდა 232.9%.

რუსეთიდან საქართველოში იმპორტირებული უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფები 2024 წლის იანვარ-თებერვალში ასეთია:

  • ნავთობი და ნავთობპროდუქტები - 90.1 მლნ აშშ დოლარი. კლება 20.5%;
  • ნავთობის აირები და სხვა აირისებრი ნახშირწყალბადები - 64.5 მლნ აშშ დოლარი. კლება 6%;
  • წნელები ნახშირბადიანი ფოლადისაგან, შემდგომი დამუშავების გარეშე - 17.8 მლნ აშშ დოლარი. ზრდა 59.1%;
  • ხორბალი და მესლინი - 11.8 მლნ აშშ დოლარი. ზრდა 14.8%;
  • ბოცები, ბოთლები და სხვა მინის ტევადობები - 7.1 მლნ აშშ დოლარი. კლება 2.9%.